ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში - თიკა დუღაშვილი

ქალი მეწარმე ტურიზმის ინდუსტრიაში  - თიკა დუღაშვილი

 

თანამედროვე სამყაროში კრეატიული იდეები უსაზღვროა, მაგრამ ადამიანთა დიდ ნაწილს ძალიან ბუნდოვნად აქვს წარმოდგენილი იდეების რეალიზების გზები. თუმცა,   რა თქმა უნდა,  არიან ისეთები, რომელთა შემართება, წარმატებულობა და მიზანდასახულობა აღიარებას ჰპოვებს.

 

ეს  თიკა დუღაშვილია, ადამიანი, რომელსაც უყვარს  გამოწვევები და კრეატიული იდეების საქმეებად გარდაქმნა. ღვინის ეზო N1, კახეთში, მისი ხორცშესხმული იდეაა. ის აერთიანებს ღვინის, გასტრო, აგრო, ეთნო, ეკო ტურისტულ მიმართულებებს. ამ  საქმიანობის სათავე კი  მაინც ღვინის წარმოების ტრადიციაა, რომელიც მის  ოჯახს სამ თაობაზე მეტია აქვს.

 

ბიზნესის შექმნისა და გაძღოლის პროცესში არსებობს უამრავი დაბრკოლება, თუმცა მიზანდასახულობის, ადამიანური თანადგომის, უშრეტი მოტივაციისა და საქმის კეთების  სურვილის არსებობის შემთხვევაში - ეს დაბრკოლებები, ერთი შეხედვით, ღრმა ოკეანედ გვესახება, რომელში ცურვაც არსებითად დასაშვები და შესაძლოა. მაღალი კონკურენცია, ბიზნესის წარმოებისთვის არასაკმარისი ფინანსები, ,,მიმბაძველები“ - ეს ის ბარიერებია, რომელთა გადალახვა თიკამ  დამოუკიდებლად, ოჯახის თანადგომით შეძლო.

 

,,ჩვენ დიდი ოჯახი ვართ და ჩვენს ტურისტულ-ბიზნეს საქმიანობასაც ერთად ვუძღვებით. ყველას თავისი როლი და ფუნქცია აქვს. მე და ჩემმა ოჯახმა ეს ურთულესი საქმე საკუთარი სახსრებით და უზარმაზარი ენთუზიაზმით შევქმენით. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მთელი მსოფლიო ჩამოვიყვანეთ კახეთის ერთ უცნობ სოფელში.“ - აღნიშნავს თიკა

 

თიკა ერთ-ერთია, რომელმაც  სოფლად ცხოვრება შესაძლებლობად და წარმატების მამოძრავებელ ძალად აქცია.  კითხვაზე, თუ რატომ გადაწყვიტა სოფლად ცხოვრება -  გვიყვება:

 

,,როცა ამ კითხვას მისვამენ, ცოტა მიკვირს, რატომ არის პრობლემა სადმე გადასვლა, გადმოსვლა?! ადამიანებს საერთოდ სხვადასხვა ქვეყნებში და კონტინენტებზე აქვთ ბიზნესი და მას წარმატებით მართავენ, მე კი - ჩემს ოჯახში, მამა-პაპისეულ სახლში წამოვიწყე ბიზნესი, სულ რაღაც ორი საათის სავალზე თბილისიდან... მინდა, რომ ცოტა უფრო გლობალურად ვიაზროვნოთ, მასშტაბები, გეოგრაფია, მანძილი - ეს დიდად არაფერს ცვლის ჩემთვის. შეიძლება სამომავლოდ საერთოდ სხვა ქალაქში თუ ქვეყანაში ვიცხოვრო, ასე რომ, არავითარი სირთულე...“

 

თიკა გვიზიარებს მის მოსაზრებებებს, რომლითაც ადამიანმა ტურისტული პროდუქტის შემქნის დროს უნდა იხელმძღვანელოს :

 

  • იცნობდე საკუთარ თავს და იცოდე შენი შესაძლებლობების შესახებ.
  • მე ვფიქრობ, შესაძლებელია ვნახოთ საყვარელი საქმე, თუ არ შევწყვეტთ ძიებასა და განვითარებას. თუ  ბიზნესის წარმოება სურვილს ეფუძვნება - ბიზნესის წარმატება გარანტირებული იქნება.
  • მიმაჩნია, რომ თუ იმ კალაპოტით იარე, რომლითაც ყველა მდინარე თავისთავად მიედინება, მნიშვნელოვანს ვერაფერს შექმნი. მუდმივად უნდა იფიქრო ინოვაციურ მიდგომაზე. მოგზაურობა, შთაბეჭდილებები, საინტერესო ადამიანები - ეს ყველაფერი მოვლენების ახლებურად გააზრებაში გვეხმარება.
  • თუ გაქვს ლიდერის უნარ-ჩვევები და ალღო, მარტივად აღმოაჩენ შენს თანამოაზრეებს. ძლიერ გუნდს სასწაულების მოხდენა შეუძლია, შენი საქმიანობის მხარდამჭერი შეიძლება საკუთარ ოჯახში აღმოაჩინო, მაგალითად მე მყავს და, რომლის გარეშეც არარაობა ვარ, ის ჩემი გონების რაციონალური ნაწილია, ამიტომ ვავსებთ ერთმანეთს.  მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის შენი, ნათესავი, მეგობარი თუ უბრალოდ ინტერნეტ-მეგობარი. თუ გრძნობ, რომ საერთო ხედვა გაქვთ, უნდა გეყოს სითამამე და დაეკონტაქტო, გაუზიარო შენი იდეები.
  • ყველაზე მნიშვნელოვანი კი ბიზნესში,  ვფიქრობ იყო გულწრფელი და ემსახურო საქმეს, რომელიც ახლოს არის პირად  ღირსებასთან და არ ეწინააღმდეგება შენს შინაგან კონსიტუციას. მე მიმაჩნია, რომ ჩემი პატარა ბიზნეს საქმიანობა არის პოზიტივით, სიკეთით და სიყვარულით სავსე და მე ასე გამოვხატავ ჩემ წილ პატრიოტიზმს,- როცა ასობით უცხოელს ჩვენს ქვეყანას ვაცნობ და ვაყვარებ.

 

დაიწყო არაფრით, უბრალოდ კოსმოპოლიტური იდეით, რომ შესაძლებელია ერთ სივრცეში შეიკრიბოს მთელი მსოფლიო, ერთი შეხედვით უტოპიური შეძახილია, მაგრამ  იგი რეალობად იქცა. ამ გადასახედიდან, ფიქრობს, ყველაზე დიდი მიღწევა არის მისი გულშემატკივრის უზარმაზარი მხარდაჭერა და შექმნილი პატარა ბიზნესის საყოველთაო აღიარება, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

 

,,მომავალში არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას, მაქვს გეგმები და იმედი მაქვს ჯანმრთელობა და მშვიდობა იქნება ჩვენს ქვეყანაში, რომ შევძლოთ კვლავ გამოვაცოცხლოთ ტურიზმის ინდუსტრია, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ელემენტია ქვეყნის შესაძლებლობების განვითარებისათვის“ 

 

გაიცანით თიკას ღვინის ეზო N1 აქ.

 

ავტორი: ლიზა ანთაძე

ქალბატონები ტურიზმში ქალი მეწარმე ღვინის ტურიზმი კახეთი
© 2020 Copyright