ტურიზმი - ეს არის სფერო, რომელიც მიიჩნევა ეკონომიკის პრიორიტეტულ ელემენტად. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საზოგადოებას, მთავრობას, ფერმერებსა და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც პირდაპირ თუ ირიბად მანც ეხება ეს სფერო, ესმოდეს, რომ ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია ქვეყანაში არსებობდეს შესაბამისი პირობები.
მოგეხსენებათ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ტურისტული პოტენციალის გაღრმავება და ამისათვის ხელთარსებული რესურსების მაქსიმალურად გამოყენება. ფაქტია, რომ ტურიზმის საქმიანობის წვლილი ძალზედ დიდია ქვეყნის ეკონომიკასა და მისი საერთაშორისო შესაძლებლობების განვითარებაში. როცა ვსაუბრობთ ტურიზმის პოტენციალის გაღრმავებასა და განვითარებაზე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ საჭიროა ახალი მეთოდებისა და მიმართულებების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფს ახალ, საჭიროებებსა და რესურსებზე მორგებულ ტურიზმის განვითარების სტრატეგიას. ამ მხრივ ყურადსაღებია ფერმერული მეურნეობის ტურისტულ პროდუქტად ქცევა. ფაქტობრივად, ამით იქმნება ახალი, მოთხოვნადი და ტურისტისათვის მიმზიდველი შესაძლებლობა.
შავი ზღვის სანაპირო ზოლი, დიდი და მცირე კავკასიონის მთაგრეხილები, კურორტები, რომელთა რაოდენობა 102- მდეა და ამავდროულად, კარგი საკურორტო პერსპექტივების მქონე 182 საკურორტო ადგილი - ეს არის ძირითადი ელემენტები, რითიც განსაზღვრავენ ტურიზმის შესაძლებლობებს. თუმცა, თანამედროვე სამყაროში აუცილებელია შორსმიმავალი გეგმები და პრაქტიკული მნიშვნელობის გადაწყვეტილებები, რომლებიც სამომავლოდ წარმატებული ტურიზმის მყარი გარატი იქნება.
ადამიანებისთვის ყველაზე ღირებული მოგზაურობა არის მაშინ, როცა თავს გრძნობენ კომფორტულად და მოგზაურობა მათთვის არის სასიამოვნო განტვირთვა. ეს კი, უმეტეს შემთხვევაში ხდება, როცა ადამიანები ცოტა ხნით ნებაყოფლობით შორდებიან ცივილიზაციის დაძაბულ რიტმს და ბუნებასთან ყოველდღიური ურთიერთობით იკრებენ ძალას.
ფერმა, მეურნეობა - ერთი მხრივ, ტურისტებს იზიდავს, მეორე მხრივ კი სარგებელი მოაქვს სოფლის მოსახლეობისთვისაც - ორივე მხარე მოტივირებულია და შედეგიც ბევრად უკეთესია. თუმცა საბოლოოდ მიზნი, ფერმერული მეურნეობის ტურისტულად ქცევა, მიიღწევა სახელმწიფოს აქტიური ჩართულობით, რაც ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებას, საკანონმდებლო წამახალისებელი მექანიზმების დანერგვას და კერძო სექტორთან მჭირდო თანამშრომლობას ნიშნავს.
ავტორი: ლიზა ანთაძე
სოფლის ტურიზმი აგრო-ტურიზმი სოფლის მეურნეობა