ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

Village Vines - ხიდი ქართულ მეღვინეობასა და ამერიკელ ტურისტებს შორის

Village Vines  - ხიდი ქართულ მეღვინეობასა და ამერიკელ ტურისტებს შორის

ნებისმიერი საქმის დასაწყებად საჭიროა მოტივაცია და ქმედება, რომელიც შემდგომ  წარმატების საფუძველი გახდება. „ვილიჯ ვაინსის“ ისტორია სწორედ ასე დაიწყო. ნინუცას სურდა მეგობრისთვის, ჯეფისთვის, აეხსნა რამხელა მნიშვნელობა აქვს ქართულ კულტურაში ღვინოს, რამდენ საუკუნეს ითვლის ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგია და გაეგზავნა მისთვის ამერიკაში, ერთ-ერთი თავისი საყვარელი სახეობის ღვინო საჩუქრად.” ნინო მიროტაძე „ვილიჯ ვაინსის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია, კომპანიის თანადამფუძნებელია ასევე ჯეფ ბრაუნი - ამერიკის სავაჭრო ობიექტებთან ურთიერთობის სამსახურის დირექტორი და „ვილიჯ ვაინსის“ მეღვინეობების ოფიციალური წარმოამადგენელი ამერიკაში.

 

ნინომ საკუთარი ბიზნესის წამოწყებამდე, საკმაოდ რთული გზა განვლო. ადრეულ ასაკში გაააჩინა ორი შვილი, რის გამოც სწავლის დამთავრება დაუგვინდა და მისი  დასრულების შემდეგ, დასაქმება გაუჭირდა. დადიოდა გასაუბრებებზე, წარმატებით ლახავდა საწყის ეტაპებს, მაგრამ დამსაქმებლები ყოველთვის ეკითხებოდნენ იყო  თუ არა დაოჯახებული, ჰყავდა თუ  არა შვილი ან  ვინმე, ვინც ბავშვების მოვლაში ეხმარებოდა. მისი პირველი დამსაქმებელი თავად გახლდათ მარტოხელა მამა, უცხოელი ბიზნესმენი, რომელიც არ დააბრკოლა  მისმა  სტატუსმა. კომპანიაში მუშაობა დაიწყო დირექტორის პირადი ასისტენტის პოზიციაზე. დასაქმებიდან ერთ თვეში დაააწინაურეს და კომპანიის პროექტების მენეჯერი გახდა. ეს იყო მისთვის დიდი გამოცდილება, რომელიც შემდგომ წარმატების საწინდარად იქცა.

 

,,როდესაც მე და ჯეფმა აღმოვაჩინეთ რა რთული იყო მცირე მარნებისა და მეღვინეებისათვის მათი პროდუქტის ამერიკაში გატანა თავიანთი ძალებით, გადავწყვიტეთ, რომ დაგვეარსებინა „ვილიჯ ვაინს“, რომელიც მათ ამ გზის გაკვალვაში დაეხმარებოდა. ასე გავხდი „ქალი ბიზნესში“. ეს საკმაოდ რთული გამოწვევაა. განსაკუთრებით ახლა, პანდემიის რეჟიმში, როდესაც სკოლა, ბაღი და სამსახური ერთ სივრცეში - სახლშია მოთავსებული. სტანდარტული სამუშაო საათების მაგიერ , ხშირად მიწევს ღამე, ბავშვების დაძნების შემდეგ დავასრულო ხოლმე დაწყებული საქმე, მაგრამ რთულად მიღწეული შედეგი ყოველთვის დიდ სიხარულს მგვრის და კიდევ უფრო მეტის გაკეთების სურვილს მიჩენს.“

 

რაც მეტად უღრმავდებოდნენ არსებულ პრობლემებს, მით მეტად ინტერესდებოდნენ გადაჭრის გზების მოძიებით. „ვილიჯ ვაინს“ გახდა ხიდი ქართველ მეღვინეობასა და ამერიკელ მომხმარებელს შორის. სწორედ ეს არის კომპანიის მთავარი არსი. ისინი აძლევენ შანსს მცირე მარნებს, საოჯახო მეღვინეობებს, რომ მოხვდეს მათი ღვინო ამერიკაში და დამკვიდრდეს ბაზარზე.

 

,,ჩვენ ვეხმარებით მეღვინეებს, შექმნან და განავითარონ საკუთარი ბრენდი, რაც მოიცავს ყველა ეტაპს, დაწყებული მეწარმედ რეგისტრაციისა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, ეტიკეტისა და ლოგოს შექმნით, ღვინის დაყენების პროცესში არსებული პრობლემების მოგვარების გზების მოძიებითა და ბოლოს, მსოფლიო ბაზარზე დამკვიდრებით. ჩვენ ვეხმარებით მათ, რომ აკეთონ საყვარელი საქმე მშვიდად და არ სჭირდებოდეთ, ღვინის დაყენების პარალელურად სხვა საქმეებზე ზრუნვა, რადგან ყველაფერში ვუწევთ ასისტენტობას.“ ჩვენ გვესმის , რომ ეს პროცესები დროს მოითხოვს , ამიტომ მეღვინეობასთან ურთიერთობის დაწყებიდან პირველი წელი ვმუშაობთ მათი ცნობადობის გაზრდასა და ბრენდის ბაზარზე დამკვიდრებაზე. ბრენდინგის პრობლემების გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელშიც „ვილიჯ ვაინს“ მეღვინეობას გვერდში უდგას, არის მათთვის შემსყიდველის მოძიება. ჩვენ დავიწყეთ ღვინის ექსპორტი ამერიკის ბაზარზე, თუმცა ახლა ვმუშაობთ ადგილობრივ ბაზარზე ცნობადობის გაზრდასა და გაყიდვებზე. ასევე, დავიწყეთ ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც. ნებისმიერ იმპორტიორს, რომელიც დაინტერესებულია ქართული ღვინის საკუთარ ქვეყანაში შეტანით, შეუძლია ისარგებლოს ჩვენი მომსახურებით.“

 

„ვილიჯ ვაინსს“ აქვს ინდივიდუალური ტურები, გეგმავენ საგანმანათლებლო - შემეცნებით, კულტურულ და ღვინის ტურებს დაინტერესებული მომხმარებლებისათვის. პანდემიის დასრულების შემდეგ აპირებენ ძალიან მრავალფეროვანი ტურისტული პაკეტების შეთავაზებას მომხმარებლებისათვის. მათ შორის იქნება გაცვლითი პროგრამები მეღვინეობით დაინტერესებული ადამიანებისათვის. პროგრამაში ჩართვა კი შეეძლება ყველას - როგორც სტუდეტებს, სომელიეებსა და ღვინის ტექნოლოგებს, ასევე, ამ სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს.

 

,,ტურების შექმნა ჩვენი მთავარი მიზანი არ გახლდათ, მაგრამ ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და ამერიკელ მომხმარებელთან კომუნიკაციის პროცესში, ძალიან ბევრი ღვინის ენთუზიასტი დაინტერესდა ჩვენთან ვიზიტით და ჩვენი პარტინორი მარნების პირადად მონახულებით. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ხელშემწყობი ფაქტორი იყო ის, რომ მეღვინეების ნაწილი, რომელთაც ვიცნობთ, თავად არის დაინტერესებული ტურისტების მოზიდვით. მეღვინეობები დღეს ცდილობენ, რომ მარანთან ერთად, ტურისტებს შესთავაზონ ასევე განთავსება, კვება და მრავალი სხვა აქტივობა. ზემოთ მოყვანილმა, ამ ორმა ფაქტორმა მოგვცა საშუალება, რომ სწრაფად და მარტივად აგვეყწო ვიზიტით დაინტერესებული ამერიკელებისათვის მათ სურვილებზე მორგებული ტურები.“

 

როგორც ტურისტული ქვეყნისთვის, საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით  შესაძლებლობების პოპულარიზაცია და გამოყენება. ღვინო არის ელემენტი, რომელიც სხვა პრიორიტეტებთან ერთად, ხელს უწყობს ტურისტული მიმართულების განვითარებისაც.

 

,,მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უამრავი მეღვინეობა და მცირე მარანია, ძალიან ცოტაა ტურისტების მისაღებად სათანადოდ კეთილმოწყობილი ასეთი ადგილები. ამერიკელი მომხმარებლები ინტერესდებიან იმ ღვინის ისტორიითა და წარმომავლობით, რომელიც მათ ჭიქაში მოხვდა. მათ უჩნდებათ სურვილი ესტუმრონ მეღვინეობას, გაისეირნონ ვენახში, გაიცნონ მეღვინე, რომელმაც ღვინო დაწურა. გაიგონ ყველაფერი ღვინოზე, რომელიც გახდა მათთვის ვიზიტის ინსპირაცია.ზუსტად ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მეღვინეებმა სწორად განავითარონ, გამოიყენონ თავიანთი მარნისა და ვენახის ტურისტული პოტენციალი. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ჩვენი მომხმარებლებისათვის ძალიან საინტერესოა სრული პროცესი, თუ როგორ იქმნება ღვინო, რომელსაც ისინი მიირთმევენ. შესაბამისად, ვურჩევთ მეღვინეობებს, რომ დაგეგმონ მომხმარებლებისათვის საინტერესო აქტივობები მთელი წლის მანძილზე და მაქსიმალურად ჩართონ მომხმარებელი პროცესში, რომელიც მათთვის ასეთი საინტერესო და მიზიდველია“.

 

„ვილიჯ ვაინს“-ის სერვისებსა და მეგობარ მეღვინეობებზე ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია აღნიშნულ ვებგვერდზე.

 

ავტორი: ლიზა ანთაძე

 

ღვინის ტურიზმი გასტრონომიული ტურიზმი
© 2020 Copyright