ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

ტურიზმის ინსტიტუტის განცხადება

ტურიზმის ინსტიტუტის განცხადება

 

ტურიზმის ინსტიტუტმა გაავრცელა განცხადება, რომელიც ტურიზმის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის დღეს არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. გთვაზობთ განცხადების ტექსტს:

 

"ტურიზმის ინსტიტუტის განცხადება

ტურიზმის აღდგენის პროცესს დაყოვნების დიდი საფრთხე უდგას საქართველოში, რისი მიზეზიც ტურიზმის სახელმწიფო პოლიტიკის ბუნდოვანი სურათია. ამისათვის სწრაფად უნდა გაცხადდეს სახელმწიფოს პოზიციები შემდეგი საკითხების ირგვლივ:

 

  • დარგის მართვა:

 

დღეს ტურიზმის მართვის კონკრეტული ორგანოს იდენტიფიცირება რთულია. აუცილებელია არსებული სახელმწიფო ორგანოების (ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი) ინსტიტუციონალური შესაძლებლობების და ფუნქციების აღდგენა კრიზის დროულად დასაძლევად. აღნიშნული ორგანიზაციები საკარანტინე ზონების მართვის გამო არიან პარალიზებულნი და თავიანთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციებს, დესტინაციის მარკეტინგი და ურთიერთობა კერძო სეტორთან, ჯეროვნად ვერ ასრულებენ. ამიტომ, დაუყოვნებლივ გადაეცეს საკარანტინო ზონების მართვა სახელმწიფოს სხვა შესაბამის რგოლს.

 

დროულად უნდა გადაწყდეს ახალი მმართველი გუნდის საკითხი ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში, პასუხისმგებელი პირ(ებ)ის გარეშე რთულია ტურიზმის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება და ტურიზმის აღდგენის პროცესის დაწყება.

 

  • დესტინაციის მარკეტინგი:

საქართველო, როგორც ტურისტული ბრენდი, თითქმის ერთი წელია დუმს, კომუნიკაცია მომავალ პოტენციურ მოგზაურთან გაწყვეტილია, რაც ტურიზმის აღდგენის პროცესზე აუცილებლად იმოქმედებს უარყოფითად. ამ მიდგომით ჩვენი ბრენდი ადვილად დაიკარგება უცხოელი ტურისტის თვალთახედვიდან. აუცილებელია კომუნიკაციის სასწრაფო აღდგენა, რაც ახალ მოკლევადიან საერთაშორისო მარკეტინგულ სტრატეგიას უნდა ეფუძნებოდეს.

 

  • ტურისტული ნაკადები:

იმისათვის, რომ რეალურად დაიწყოს ტურიზმის აღდგენა, აუცილებელია ვიცოდეთ ტურისტთა მიმოსვლის იმ გზების მენეჯმენტის შესახებ, რომელთა საშუალებით ყველაზე სწრაფად დაიწყება ტურისტული ნაკადების მიმოსვლა:

 

სახელმწიფო სახმელეთო საზღვრების გახსნის გეგმა (მოგეხსენებათ საერთაშორისო ტურისტების 74% შემოდის სახმელეთო გზით საქართველოში). არის თუ არა ის მსგავსი საჰაერო მიმოსვლისა და თუ კი როდის დაიწყება ნაკადების მიღება ამ გზით? ან ნიშნავს თუ არა სახელმწიფო საჰაერო საზღვრების გახსნა სახმელეთო საზღვრების იგივე ლოგიკით გახსნას?

 

შიდა ტურიზმის სტიმულირების გეგმები - ადგილობრივი ტურისტები საქართველოში ქართული ტურიზმის მოთხოვნა-მიწოდების პროცესის საშუალოდ 21% იკავებენ, რაც აღდგენის პროცესში მნიშვნელოვანი სეგმენტია. ასევე ვიცით, რომ საერთაშორისო ტურიზმის სრულად აღდგენას დასჭირდება საშუალოდ 3 წელი (UNWTO,ICAO, IMF პროგნოზები).

 

ტურიზმის ინსტიტუტი გამოთქვამს მზაობას კონსტრუქციულ სამუშაო რეჟიმში ჩაერთოს ამ გამოწვევების დაძლევის პროცესში და მხარდაჭერა გამოუცხადოს ტურიზმის სწრაფ აღდგენაში დაინტერესებულ ყველა მხარეს, რადგანაც ეს გახლავთ ყველასათვის საერთო საკითხი და საპირისპირო პოლუსზე დგარი მხარე აქ არ არსებობს!"

ტურიზმის აღდგენა ეკონომიკის აღდგენა ტურიზმის ინსტიტუტი
© 2020 Copyright