ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია - ემუქრება თუ არა ტვიშის ადგილწარმოშობის ღვინოს ნამახვანჰესი

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია - ემუქრება თუ არა ტვიშის ადგილწარმოშობის ღვინოს ნამახვანჰესი

ღვინის ტურიზმი გახლავთ ის მიზიდულობის წერტილი, რის გამოც ადამიანები სტუმრობენ ამა თუ იმ ქვეყანას. ღვინის ტურიზმისგან მიღებული გამოცდილება კიდევ უფრო ფასეულია, თუ მას ის ისეთი უნიკალური სახის პროდუქტით ეზიარები, რომელიც მხოლოდ იმ კონკრეტული გეოგრაფიული ადგილისთვის არის დამახასიათებელი. საქართველოში ერთ-ერთი ასეთი გახლავთ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეშე არსებული სოფელ ტვიშში დამზადებული ღვინო. ტვიში გამორჩეულია უნიკალური მიკროკლიმატით, რისი გამოც იქ მოწეული ყურძნისგან ვღებულობთ ჩვენთვის კარგად ცნობილ ღვინის სახეობას. ტვიშის ადგილწარმოშობის ღვინოს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს. ამის პოტენციური მიზეზი გახლავთ ნამახვანჰესის მშენებლობა, რომელიც უნდა გახდეს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის, შესაბამისად ეკონომიკური სტაბილურობის, ერთ-ერთი გარანტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სახეზე გავქვს საქართველოს მდგრადი განვითარების სურვილით  დამდგარი ტვიშის ადგილწარმოშობის ღვინის და ნამახვანჰესის მომავალის ბუნდოვანება. 

 

სწორედ, აღნიშნული ბუნდოვანების გასაფანტად „საქართველოს სომელიეთა ასოციაცია“ აქვეყნებს განცხადებას, სადაც მოითხოვს ჰესის მშენებლობის ირგვლივ წარმოებული კვლევის გასაჯაროებას, რომლის მიხედვით ნათლად გამოჩნდება ემუქრება თუ არა იგი ტვიშის ადგილწარმოშობის ღვინოს.

 

გთავაზობთ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის  დღევანდელი განცხადების ტექსტს:

 

„ნამახვანჰესის მშენებლობის შედეგად ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ტვიში“-სთვის შექმნილ შესაძლო საფრთხესთან დაკავშირებით საქართველოს სომელიეთა ასოციაცია (საერთაშორისო სომელიეთა ასოციაციის Association de la Sommellerie Internationale A.S.I. წევრი), როგორც ქართული მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებითა და პოპულარიზაციით დაინტერესებული ორგანიზაცია, ადასტურებს იმ უდიდეს მნიშვნელობას, რომელიც აქვს ქართულ მეღვინეობაში ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო „ტვიშს“.

 

ვთვლით, რომ აღნიშნულ მნიშვნელოვან ქართულ აპელასიონს შესაძლოა საფრთხე დაემუქროს ნამახვანჰესის მშენებლობით გამოწვეული მიკროკლიმატის შესაძლო ცვლილებით.

 

ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ ახალ ბიზნესპროექტს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, მათ შორის, ენერგეტიკის სფეროს უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდაზეა ორიენტირებული.

 

ვერ შევეხებით, ჩვენი კომპეტენციის გარეთ მყოფ გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ უსაფრთხოების საკითხებს. ამავე დროს, ბუნებრივია, ვუთანაგრძნობთ და თანადგომას ვუცხადებთ ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც საუკუნეებია, ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურისთვის მშენებლობისთვის განკუთვნილ ტერიტორიებზე ცხოვრობს და მშენებლობის განხორციელების შემთხვევაში, მშობლიური ადგილების სამუდამოდ დატოვება მოუწევთ.

 

საქართველოს სომელიეთა ასოციაცია მოითხოვს გასაჯაროვდეს ტვიშთან დაკავშირებული კვლევა და მასში მოყვანილი დასკვნების საფუძველზე მოხდეს ქართული საზოგადოების, მათ შორის, მევენახეობა-მეღვინეობის დარგის წარმომადგენლების, სრულყოფილი ინფორმირება შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.

 

დარგის წარმომადგენლებს, ისევე როგორც ქართულ საზოგადოებას, სრული და ლეგიტიმური უფლება გვაქვს, ვიცოდეთ, მიკროკლიმატის რა ცვლილებებია მოსალოდნელი ჰიდროელექტროსადგურის კომპლექსის მშენებლობის შედეგად; რა გავლენას მოახდენს იგი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და უნიკალურ ტვიშის აპელასიონზე, ადგილობრივ მევენახეობაზე და აქ მოყვანილი ყურძნისგან შექმნილი ღვინის ხარისხზე.

 

 

 

ღვინის ტურიზმი ტვიში
© 2020 Copyright