ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

სოც-მედია: 2021 წლის ყველაზე ფასეული მოთამაშე სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში

სოც-მედია: 2021 წლის ყველაზე ფასეული მოთამაშე სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში

პანდემიის პერიოდში ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან თუ კოლეგებთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად ტექნოლოგიების და მათ შორის სოციალური მედიის როლი კიდევ უფრო მეტად გაიზარდა.  

 

სტატისტიკის მიხედვით 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე 10 % -ით გაიზარდა სოციალური მედიის მომხმარებლების რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეისათვის მსოფლიოს ნახევარზე მეტი აქტიურია სოციალურ მედიაში.

 

ეს დაახლოებით 4 მილიარდი ადამიანია, რომლებიც დღის განმავლობაში დროის 15 %-ს სოციალურ მედიაში ატარებენ. დასავლეთ ევროპაში, ინსტაგრამის მომხმარებლების თვიური რაოდენობა  გასამმაგდა პრე-პანდემიურ პერიოდთან შედარებით. შედეგად, ინსტაგრამის მომხმარებლების რიცხვმა პირველად მიაღწია 1 მილიარდს. სოციალური მედიის მოხმარების ზრდის ტრენდები შეიმჩნეოდა სხვა პლატფორმებზეც, როგორებიცაა: ფეისბუქი, სნეფჩატი და ტიკტოკი.

 

სოციალური მედიის მოხმარების ზრდა ბრენდებს კარგ შესაძლებლობას აძლევს ეფექტურად მისწვდნენ სახლში გამომწყვდეულ მომხმარებლებს. პანდემიის წყალობით კიდევ უფრო გაიზარდა ციფრული პლატფორმების როლი, შედეგად კი ჩრდილოეთ ამერიკაში 2020 წლის მესამე კვარტალში სოციალიურ მედიაში დახარჯული სარეკლამო ბიუჯეტი 61.7 %-ით გაიზარდა.

 

რა იქნება 2021 წელს? სოციალური მედია დარჩება კომუნიკაციის და მარკეტინგის მძლავრ  საშუალებად. ქვემოთ გაგიზიარებთ იმ საყურადღებო საკითხებს, რაც 2021 წელს  სოციალურ მედიაში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

 

  • სოციალურ თემატიკაზე და ღირებულებაზე დაფუძნებული ქონთენთი

ადამიანებს მოსწონთ იმ ბრენდებთან ურთიერთობა, რომლებიც პოზიტიური სოციალურ გავლენის მოხდენას ცდილობენ პირდაპირ თავიანთი პროდუქტის თუ რელევანტური საკითხების მხარდაჭერის საშუალებით. ეს განსაკუთრებით მილენიალების თაობას ეხება. ეს ის თაობაა, რომელიც ყველაზე ბევრს იმოგზაურებს შემდგომ წლებში. მათგან 75 % ბრენდისგან მოელის მათთვის მნიშვნელოვან სოციალურ საკითხზე პოზიციის ქონას და დაფიქსირებას. ბრენდები, რომლებსაც გულწრფელად შეუძლიათ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბარი, მარტივად მოახერხებენ კონკურენტებისგან თავის განსხვავებას და შესაბამისად უპირატესობის მოპოვებას 2021 წელს.

 

ამასთანავე, უმნიშვნელოვანესია მდგრადობა და გარემოსთან დაკავშირებული საკითხები. პანდემიამ წინა პლანზე წამოსწია რეგენერაციული ტურიზმის საკითხი, რომლის ფოკუსი ადგილობრივი კულტურის  შენარჩუნება უფროა, ვიდრე ეკონომიკური სარგებელი.

 

ხელახალი გახსნისას  ბევრი ტურისტული დანიშნულების ადგილი (დესტინაცია) მიზნად ისახავს რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიაყენოს გარემოს და  უპირველესად იფიქროს ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ეს თემატიკა კარგ შესაძლებლობებს ქმნის 2021 წლისთვის.

 

რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ? წარმოაჩინეთ თუ როგორ ზრუნავს თქვენი ობიექტი მდგრადობაზე,  გარემოზე და ადგილობრივ საზოგადოებაზე.

 

  • ბრენდის პერსონიფიკაცია

ადამიანებს აქვთ მოთხოვნილება ბრენდთან დაამყარონ უფრო პერსონალური, ადამიანური კავშირი.  მათ  კიდევ უფრო გაუმძაფრდათ სიღრმისეული ინტერაქციის სურვილი, რისი ნაკლებობაც 2020 წლისთვის იყო დამახასიათებელი. მსგავსი კავშირების დამყარებისა და გაძლიერებისთვის აუცილებელია თქვენი ბრენდის ხმა იყოს ავთენტური და რეალური, რისთვისაც შესაძლოა დაგჭირდეთ ბრენდის გაადამიანურება, რათა მომხმარებელმა მარტივად შეძლოს მასთან დაკავშირება.

 

აქედან გამომდინარე, 2021 წელს  გაადამიანურეთ თქვენი  ბრენდი და შემატეთ მას გამჭირვალობა და ავთენტურობა. ეს დაგეხმარებათ უფრო სიღრმისეული კომუნიკაცია დაამყაროთ თქვენთვის ყველაზე ფასეულ აუდიტორიასთან.

 

რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ?  დარწმუნდით, რომ თქვენი ბრენდის ხმა პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და მისი კომუნიკაცია ფართო მასშტაბით ხდება. ასევე, საჭიროა  ბრენდის ხმა და კომუნიკაცია თანმიმდევრული იყოს სხვადასხვა არხზე.

 

  • ინფლუენსერებთან თანამშრომლობა

ე.წ. ინფლუენსერ მარკეტინგი ყოველთვის მძლავრი საშუალება იყო რთული სიტუაციების დასაძლევად. როგორც ტრენდები გვამცნობს, ინფლუენსერების  როლი სოციალური მედიით შოფინგის წახალისებაში საკმაოდ დიდია. 2021 წლისთვის მოგზაურობის სფეროს მარკეტერებისთვის სასარგებლო იქნება სხვადასხვა დონის და მასშტაბის ინფლუენსერებთან თანამშრომლობის დამყარება.

 

ე.წ. მიკრო-ინფლუენსერების აუდიტორია  10, 000 ან ნაკლები მიმდევარისგან შედგება. მიუხედავად არც თუ ისე დიდი წვდომისა, მათი საშუალო ჩართულობა მაღალია.

 

მიზანმიმართულად რამდენიმე მიკრო ინფლუენსერთან (Micro-influencers) თანამშრომლობით ბრენდს შეუძლია პირდაპირ და ეფექტურად მისწვდეს სამიზნე აუდიტორიას. მსგავსი თანამშრომლობა მჭიდრო კოლაბორაციას მოითხოვს წარმატების მისაღწევად, თუმცა შედეგები ნამდვილად ღირს ამად.

 

უფრო ფართო აუდიტორიის მქონე ინფლუენსერებს შესაძლებლობა აქვთ მიწვდნენ სამიზნე აუდიტორიას არა ერთი, არამედ რამოდენიმე საკომუნიკაციო  არხის მეშვეობით (Omni-channel influencers). აქედან გამომდინარე, მათ კარგად შეუძლიათ ბრენდის ცნობადობაზე და კონვერსიებზე დადებითი გავლენის მოხდენა. თუმცა, როგორც წესი მათთან თანამშრომლობა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მიკრო ინფლუენსერებთან.

 

რა შეგიძლიათ მოიმოქმედოთ? პირველ რიგში მოახდინეთ ინფლუენსერების ინდეტიფიცირება და დაადგინეთ მათთან თანამშრომლობის შესაძლებლობები, რაც თქვენი ბრენდის სწორ ადამიანებამდე მიტანაში დაგეხმარებათ.

 

მომზადებულია shindi-ის მიერ phocuswire-ზე დაყრდნობით

სოციალური მედია ტურიზმის მარკეტინგი ციფრული მარკეტინგი
© 2020 Copyright