მრავალმა ქვეყანამ და სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო ქსელურმა სასტუმროებმა უკვე დანერგეს ვირუსის პრევენციის სტანდარტები ან გადავიდნენ ამ პროცესის ფინალურ ეტაპზე. აღნიშნული სტანდარტები ემსახურება, როგორც ტურისტის ჯანმრთელობის დაცვას მოგზაურობის ნებისმიერ ეტაპზე, ასევე მისი მოგზაურობისადმი ნდობის ამაღლებას, რაც ეკონომიკის გამოცოცხლების წინაპირობაა. მეორეს მხვრივ, წინასწარ გაცხადებული სტანდარტები ბიზნეს სუბიექტებს უქმნის სწორ მოლოდინებს, რაც მათ აძლევს საკმარის დროს მოემზადონ შესაბამისად და სწორად გათვალონ მომავალი.
გთავაზობთ რამოდენიმე მაგალითს:
სინგაპურის გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჯერ კიდევ 16 თებერვალს აამოქმედა საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ჰიგიენის სტანდარტების დაცვის ნიშანი „SG Clean“. მისი მიზანია დაიცვას პიროვნება სოციალური, ეკონომკური თუ კულტურული აქტივობების ყველა ეტაპზე. 10 მარტიდან მას დაემატა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის აუცილებელი მოთხოვნებიც. ნიშნის მინიჭება ხდება კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში მომუშავე სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომელიც ამოწმებს ბიზნეს სუბიექტის შესაბამისობას 7 მთავარ მოთხოვნასთან, რომლებიც გახლავთ:
- "SG Clean" მენეჯერის დანიშვნა, რაც უზრუნველყოფს ზომების დანერგვას და „SG Clean“ პროგრამით გათვალისწინებული პუნქტების შესრულებას.
- დასაქმებულებისთვის ტემპერატურის და რესპირატორული სიმპტომების შემოწმება. ასევე დამსაქმებელი უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ არც ერთ თანამშრომელს ოფიციალურად არ აქვს თვითიზოლაციაში დარჩენის რეკომენდაცია ან კარანტინის ვალდებულება.
- კონტრაქტორებისთვის, მომწოდებლებისთვის და სტუმრებისთვის ტემპერატურისა და რესპირატორული სიმპტომების შემოწმება. ასევე ბიზნეს სუბიექტი უნდა დარწმუნდეს იმაში, რომ არც ერთ მათგანს ოფიციალურად არ აქვს თვითიზოლაციაში დარჩენის რეკომენდაცია ან კარანტინის ვალდებულება.
- საერთო სარგებლობაში არსებული ობიექტების დეზინფექციის სიხშირის გაზრდა. დასაქმებულების მხრიდან პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.
- კოვიდ-19-ის საეჭვო შემთხვევებთან გასამკლავებელი პროცედურების დანარგვის უზრუნველყოფა;
- პრევენციული ღონისძიებების შესახებ დოკუმენტებისა და ჩანაწერების წარმოების უზრუნველყოფა;
- კოვიდ-19-ის ირგვლივ გამოცემული მთავრობის ბრძანებების, წესებისა და რეკომენდაციების დაცვის უზრუნველყოფა.
აღნიშნულთან ერთად ყოველდღიურად უნდა იწარმოებოდეს „მოგზაურობის ისტორიის და კონტაქტების მოძიების“ და „ტემპერატურის მონიტორინგის ფორმა“.
თურქეთის კულტურის და ტურიზმის სამინისტროს განცხადებით ისინი მუშაობენ შესაბამის სამინისტროებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად „COVID Free” სერთიფიკატის შემოღებაზე. ამას თურქეთი აკეთებს იმიტომ რომ, ივნისიდან ელოდება შიდა ნაკადებს, ხოლო აგვისტო-სექტემბრის მონაკვეთში აქვს უცხოელი ტურისტების მიღების მოლოდინი. პროცესი მოიცავს შემდეგ ელემენტებს:
- ტურისტული სატრანსპორტო საშუალებების მუდმივი დეზინფექცია,
- ამ საშუალებების მომსახურე პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება და გადამზადება ვირუსის პრევენციის საფუძვლებში.
- უცხოელ ტურისტებს მოეთხოვებათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- აეროპორტების, სასტუმროების, რესტორნების, მუზეუმების სივრცითი მოწყობის შეცვლა სოციალური დისტანციის მოთხოვნების შესაბამისად;
- ყველა აღნიშნულ ადგილზე განთავსდება თერმული კამერები შესაბამისი პერსონალით და სამედიცინო აღჭურვილობით;
- მომსახურე პერსონალი გაივლის სავალდებულო ჯანმრთელობის შემოწმებას და მიენიჭება შესაბამისი სერთიფიკატი.
ჰილტონმა შეიმუშავა სტანდარტი სახელად „Hilton CleanStay“, რომელიც სტუმროების ჯანმრთელობის დაცვისა და ვირუსის პრევენციისკენ არის მიმართული. იგი სულ მალე ამოქმედდება მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის ბათუმშიც. დეტალები ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია, თუმცა ამ ეტაპზე განიხილება შემდეგი სტანდარტების დანერგვა:
- „Hilton CleanStay Room Seal“, რაშიც იგულისხმება ოთახის კარებზე ნიშნულის განთავსება, რომელიც სტუმარს ამცნობს, რომ მის ოთახში არავინ შესულა დასუფთავების შემდეგ;
- „10 High-Touch, Deep Clean Areas“- ოთახში ყველაზე ხშირად შეხებადი ადგილების ხშირი დეზინფექცირება, რაც მოიცავს შუქის ჩამრთველებს, კარის სახელურებს, ტელევიზორის პულტებს და ა.შ;
- „De-clutter Paper Amenities“- ოთახების გათავისუფლება კალმების, ქაღალდების და გზამკვლევებისგან, მათი ციფრული ალტერნატივით ჩანაცვლება ან მოთხოვნისამებრ მიწოდება;
- ყურადღების გამახვილება ფიტნეს ცენტრებზე: სასტუმროში ფიტნეს ცენტრების დეზინფექცირების წესების გაძლიერება, რაშიც შეიძლება მოიაზრებოდეს მათი დღეში რამდენჯერმე საწმენდი სამუშაოების ჩატარების მიზნით დაკეტვა და სტუმრების რაოდენობის შეზღუდვა ადგილზე;
- „დასუფთავება და კვლავაც დასუფთავება“- საჯარო სივრცეების დასუფთავების სიხშირის გაზრდა;
- „სტუმრების სადეზინფექციო ხელსახოცებით უზრუნველყოფა“- სპეციალური სადგურების მოწყობა ძირითად შესასვლელებში და ხალხმრავალ ადგილებში, რაც შეიძლება გულისხმობდეს ისეთი სადგურების მოწყობას, რომელიც მაგალითად სტუმარს საშუალებას მისცემს ხელის დაჭერამდე გაწმინდოს ლიფტის ღილაკი;
- „უკონაქტო რეგისტრაცია“- ჰილტონის ყველა სტუმრისთვის სურვილისამებრ ხელმისაწვდომი იქნება ციფრული გასაღების ტექნოლოგია. სტუმრებს „Hilton Honors“-ის მობილური აპლიკაციის და ციფრული გასაღების საშუალებით შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ ჩექ-ინი და ჩექ-აუთი, აირჩიონ ოთახი და ა.შ. ჰილტონი ციფრული გასაღების შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოებას და ისეთი ადგილების მოცვას გეგმავს, როგორიცაა საერთო კარები და სასტუმროში შემოსავლელები;
- „დეზინფექციის ინოვაციური ტექნოლოგიები“- ჰილტონი განიხილავს ახალ ტექნოლოგიებს, როგორიცაა, მაგალითად, ელექტროსტატიკური შესასხურებლები, რომლებიც ელექტროსტატიკურად დამუხტულ სადეზინფექციო აეროზოლს და ზედაპირების სადეზინფექციო ულტრაიისფერი შუქით დამუშავებას გულისხმობს.
უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული ნორმები არ არის ვირუსის პრევენციის 100%-იანი გარანტია და მათი იმპლემენტაცია არ იძლევა სრული კონტროლის საშუალებას (ამის მაგალითი ისევ თავად სინგაპურია), თუმცა, მისი მკაფიო ფორმების სახელმწიფოს მხრიდან გაჟღერება ეხმარება ბიზნესებს/ტურისტებს აღუდგეთ მომავლის ნდობა და დარწმუნებული იყვნენ იმაში, რომ როცა ვირუსის მრუდი მიაღწევს პლატოს, ჩვენ ყველა მზად ვიქნებით მისი შენარჩუნებისთვის.
სტატიის ავტორი:მამუკა ბერძენიშვილი, "ტურიზმის ინსტიტუტი"