ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

ტურიზმის ინდუსტრია გამოსავლის ძიებაში - თამუნა თანდაშვილი

ტურიზმის ინდუსტრია გამოსავლის ძიებაში - თამუნა თანდაშვილი

26 ნოემბრის ახალი შეზღუდვების შედგად ტურიზმის ინდუსტრია კიდევ უფრო გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი წარმომადგენლების ვნებათაღელვა არ ცხრება და ისინი გამოსავლის ძიებაში არიან.

 

  • თამუნა თანდაშვილი - საავიაციო ასოციაცია „ავიაკომუნიკატორის“ დამფუძნებელი, „საქართველო ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“ თანადამფუძნებელი:

 

,,ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის შექმნის მიზანი ინდუსტრიაში მოქმედი სხვადასხვა კომპონენტების გაერთიანება წარმოადგენს - იმისათვის, რომ პირველ რიგში,  სფეროში დავიწყოთ ერთმანეთის გაცნობა, ერთმანეთის საქმიანობის შესწავლა და გამოცდილების გაზიარება. მეორეს მხრივ, საჯარო სექტორთან კომუნიკაციისას ვიყოთ თანმიმდევრულები, მოთხოვნების ჩამოყალიბებისას კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული. სწორედ, ამიტომ შეისწავლა ალიანსმა ბიზნესის საჭიროებები პანდემიის გამოწვევის მეორე ტალღაზე და შესაბამისად,  თხოვნით მიმართა საჯარო სექტორს.

 

ტურიზმის აღდგენაზე სანამ დავიწყებთ მსჯელობას, პირველ რიგში, გადარჩენის საკითხი დგას. მნიშვნელოვანია გაანალიზება და მუდმივი კომუნიკაცია მთელ სფეროსთან. ჩემი აზრით, ადამიანებს ახლა გამხნევება, საერთო გამოსავალის ძებნა და ერთმანეთის მხარდაჭერა სჭირდებათ. ყველა ვაცნობიერებთ, რომ პრობლემა გლობალურია, მთელი მსოფლიო ამ პრობლემის წინაშე დგას. არ მივესალმები რომელიმე ქვეყნის მოდელის კოპირებას სფეროში გატარებული დამხმარე ანტი კრიზისული გეგმებისა. ყველა ქვეყანას განსხვავებული ტურისტული გარემო აქვს. ჩვენი რეგულაციები არის სუსტი, ტურიზმი კი განვითარდა სწრაფად და ინსტიტუციური ცვლილებები და საქმიანობის სფეროები ნაკლებ ორგანიზებულია, რაც იწვევს ქაოსს. მნიშვნელოვანია, კერძო სექტორი იყოს მკაფიო და ამავდროულად,  ბიზნესებმა, გარდა სესხების გადავადებებისა, უნდა იფიქრონ სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაზე. აღსანიშნავია ასევე კრიზის მენეჯმენტი მიკრო დონეზე - მთავარია ახლა სრული ლოქდაუნის დაძლევა, არ ვფიქრობ რომ არალოგიკური დაკეტვები, რასაც ეპიდემიოლოგები მოითხოვენ, არის სწორი გზა! ეპიდემიოლოგები სამედიცინო რეგულირებებსა და პროტოკოლებზე არიან პასუხისმგებელნი, ბიზნესი კი ადამიანების ფინანსურ უზრუნველყოფაზე, რაც ასევე სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ფაქტია, რომ ბალანსზე საერთო პასუხისმგებლობის აღება გვმართებს. მინისტრებიც ადამიანები არიან, ყავთ ოჯახები, პანდემიისას შეიძლება არ მოგვწონდეს მათი ჩაცმულობა და ვარცხნილობა, მაგრამ აქცენტი მათი საქმიანობის ეფექტურობაზე უნდა გაკეთდეს და არა უმნიშვნელო ესთეტიკაზე.“

 

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს, 27 ტურიზმის ორგანიზაციისგან შემდგარმა „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმა“ შემდეგი მოთხოვნებით ოფიციალურად მიმართა საქართველოს მთავრობას:

 

  • სარესტორნო სფეროს დახურვის გაუქმება;
  • სამთო კურორტების გახსნა რეგულაციების მკაცრი დაცვით;
  • საბანკო სესხების გადავადება 2021 წლის ზაფხულამდე, როგორც იურიდიული პირებისთვის, ასევე სექტორში დასაქმებულთათვის;
  • ტურიზმის აღდგენის პროცესის დეტალურად დასაგეგმად  სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი ჩაერთვება;

 

ავტორი: ლიზა ანთაძე

ტურიზმის აღდგენა ეკონომიკის აღდგენა lockdown
© 2020 Copyright