26 ნოემბრის ახალი შეზღუდვების შედგად ტურიზმის ინდუსტრია კიდევ უფრო გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისი წარმომადგენლების ვნებათაღელვა არ ცხრება და ისინი გამოსავლის ძიებაში არიან.
,,ჩვენ ვართ ერთი დიდი ჯგუფი და გვაქვს ერთი მარტივი გაჭირვება. პირველ რიგში, ვფიქრობთ, რომ ეს იყო გაუაზრებელი და სტრესის ფონზე მიღებული გადაწყვეტილება, გამომდინარე იმ რთული სიტუაციიდან, რაც საქართველოშია. ჩვენ ნამდვილად გვაღელვებს ეს ყველაფერი, რადგან არ შეიძლება ეპიდ კვლევისა და ყველანაირი გააზრების გარეშე ადგე და ისეთი სფერო, რომელიც არის სტუმართმასპინძლობის სფერო, მათ შორის რესტორნები, დაკეტო. ეს ასე ერთ დღეში არ ხდება, ეს არის ცოცხალი ორგანიზმი, აქედან გამომდინარე ჩვენ თვითონ იძულებულები გავხდით, რომ გუშინ გამოვსულიყავით მთავრობის კანცელარიასთან. გავმართეთ პრესკონფერენცია მედიასთან, გავაცანით რესტორნებისა და კვების დაწესებულებების მიერ ერთდროულად შემუშავებული ინიციატივა. ვფიქრობთ, რომ თუ სახელმწიფო ვერ ახერხებს გადაწყვეტილების მიღებას სტუმარმასპინძლობის სფეროსთან მიმართებაში, მაშინ ჩვენ აქ ვართ და ვეუბნებით, რომ გვერდში დავუდგებით და ჩვენს გამოცდილებას გავუზიარებთ.“
,,ამ ეტაპზე ძალზედ მნიშვნელოვანია ტურიზმის აღდგენისთვის დაიწყოს სამოქმედო გეგმაზე მუშაობა და შეიქმნას სტრატეგია, რომელიც გაზაფხულიდანვე ამოქმედდება. ძალიან ბევრს ნიშნავს ის,რომ გვირაბის ბოლოს შუქი გამოჩნდა და 4 ვაქცინა სახეზეა, თუმცა არ ვიცით, საქართველომდე ეს როდის ჩამოაღწევს. მიუხედავად ყველაფრისა ერთი რამ არის ცხადი: ჩვენ ამჟამად არანაირი სტრატეგიული გეგმა არ გაგვაჩნია, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ გაზაფხულიდან. მაგალითისთვის იტალიამ შიდა ტურიზმისთვის მოიფიქრა ასეთი რამ: დაარიგა 200 ევროიანი ვაუჩერები შიდა ტურიზმის სტიმულირებისთვის. ამ ეტაპზე სწორი და დროული გადაწყვეტილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის.“
შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს, 27 ტურიზმის ასოციაციისგან შემდგარმა „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსმა“ და 2 დეკემბერს 35 კაფე-რესტორნის საინიციატივო ჯგუფმა, კონკრეტული გეგმით ოფიციალურად მიმართა საქართველოს მთავრობას.
გაგაცნობთ „საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“ მოთხოვნებს:
1. სარესტორნო სფეროს დახურვის გაუქმება;
2. სამთო კურორტების გახსნა რეგულაციების მკაცრი დაცვით;
3. საბანკო სესხების გადავადება 2021 წლის ზაფხულამდე, როგორც იურიდიული პირებისთვის, ასევე სექტორში დასაქმებულთათვის;
4. ტურიზმის აღდგენის პროცესის დეტალურად დასაგეგმად სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი ჩაერთვება;
ავტორი: ლიზა ანთაძე
ტურიზმის აღდგენა ეკონომიკის აღდგენა lockdown