საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია „IATA“ მთავრობებს მოუწოდებს ითანამშრომლონ საჰაერო ტრანსპორტის ინდუსტრიასთან და ერთობლივად შეიმუშავონ ბიზნესების და ეკონომიკის აღსადგენი გეგმები, როდესაც ამის საშუალებას კოვიდ-19-ით გამოწვეული ეპიდემიური სიტუაცია მოგვცემს.
აღნიშნული თანამშრომლობის ხერხემალი კი ვაქცინაციის და ტესტირების სერტიფიცირების გლობალური სტანდარტების შემოღებაა.
„მნიშვნელოვანია გავიაზროთ სამთავრობო პოლიტიკა და შევთანხდეთ გლობალურ სტანდარტებზე, რაც აუცილებელია მოგზაურობის გასაახლებლად და აეროპორტების მოსამზადებლად, რათა აეროპორტები არ გახდეს ვირუსის გავრცელების წყარო. ავიახაზები გამოთქვამენ მზაობას დაეხმარონ მთავრობებს ამ მიმართულებით“- განაცხადა IATA-ს ხელმღვანელმა, Alexandre de Juniac-მა.
IATA-ის განცხადებით მთავრობების ნაწილი უკვე მუშაობს თავიანთი ვაქცინაციის პროგრამების პრინციპების შემუშავებაზე, რამაც შესაძლოა აღნიშნული პროცესების გლობალურ ჰარმონიზაციას დაუდოს საფუძველი, რაც მოიცავს შემდეგს:
- ვაქცინაციები: მთავრობების უმრავლესობა ცდილობს შეიმუშავოს ვაქცინაციის სტრატეგიები, რომლის მიხედვითაც უპირველესი საზრუნავი სამედიცინო მუშაკების და ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ჯანმრთელობის დაცვაა. IATA მხარს უჭერს საზღვრების ხელახალ გახსნას, როდესაც ეს შესაძლებელი იქნება და კოვიდით გამოწვეული რისკები შემსუბუქდება.
- პოლიტიკა აცრილი ადამიანების მიმართ: გასულ კვირას საბერძნეთის მთავრობამ წამოაყენა წინადადება აცრილი ადამიანების სამოგზაურო შეზღუდვებიდან, მათ შორის კარანტინიდან დაუყონებლივ გათავისუფლების შესახებ. IATA მხარს უჭერს პოლონეთის, ლატვიის, ლიბანის და სეიშელის მთავრობებს, რომლებიც მსგავსი ნაბიჯების გადადგმას აპირებენ.
- ტესტირება: IATA მხარს უჭერს მთავრობების გადაწყვეტილებას ტესტირების სქემების შემუშავების თაობაზე. მაგალითად გერმანია და აშშ PCR და ანტიგენის ტესტირებას იყენებენ მოგზაურობის რისკების შესამცირებლად. ანტიგენის სწრაფი ტესტების უპირატესობა მათი სისწრაფე და დაბალი ფასია, მაგრამ ბევრი ქვეყანა მოგზაურობამდე 48-72 საათით ადრე გაკეთებულ PCR ტესტს ითხოვს, შესაბამისად PCR ტესტს მნიშვნელოვანი როლი ეკისრება უსაფრთხო მოგზაურობის ხელშეწყობაში.
- ეკიპაჟი: ICAO-CART რეკომენდაციას უწევს ეკიპაჟის ტესტირების პროცესებიდან და შეზღუდვებიდან გათავისუფლებას. IATA მხარს უჭერს ეკიპაჟისთვის ჯანდაცვის მენეჯმენტის პროტოკოლების დაწესებას, რაც მოიცავს „სახლში“ რეგულარულ ტესტირებებს და ჯანმრთელობის შემოწმებას და ასევე ფრენებს შორის შუალედში ეკიპაჟისთვის საზოგადოების ადგილობრივ წევრებთან ინტერაქციის შეზღუდვას.
- მრავალ-დონიანი ბიო-უსაფრთხოების ზომები: ICAO მიერ რეკომენდებული მრავალ-დონიანი ბიო-უსაფრთხოების ზომები (მათ შორის ნიღბების ტარება) გლობალური მასშტაბით დანერგილია. IATA მხარს უჭერს მსგავსი ნორმების სრულ დაცვას, მანამ სანამ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მათ შემსუბუქებას შესაძლებელს გახდის.
„ავიახაზებმა თავიანთი აქტივობები არსებულ სიტუაციას მოარგეს და შეინარჩუნეს, როგორც საჰაერო გადაზიდვები, ისე გარკვეულწილად მოგზაურების ტრანსპორტირების სერვისი. შესაბამისად, ავიახაზებს შეუძლიათ მიღებული გამოცდილებით დაეხმარონ მთავრობებს უსაფრთხოდ გახსნაში“- განაცხადა IATA-ს ხელმძღვანელმა Alexandre de Juniac-მა.
წყარო: breakingtravelnews
IATA
საჰაერო მიმოსვლა
ტურიზმის აღდგენა