ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

ქართული ტურიზმის მენეჯმენტის გამოწვევები და COVID-19

ქართული ტურიზმის მენეჯმენტის გამოწვევები და COVID-19

"მსგავსი კრიზისი მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი არ გვქონია, ალბათ, დიდი რაოდენობა ჩვენი ბრენდის სასტუმროებისა ვეღარც გაიხსნება?!" - Arne Sorensen, CEO, Marriott International - მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი ქსელური სასტუმროების მართვის კომპანია.

 

„ავია-ინდუსტრიის მსგავსი დონის შეჩერება არასოდეს გვინახავს. შესაბამისად არც იმის გამოცდილება გვაქვს, თუ როგორ ავამუშავოთ ის თავიდან ასეთ დროს. ეს ურთულესი იქნება?!“ - Alexandre de Juniac, CEO, IATA - საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია.

 

მსგავსი განცხადებები ასეთი ავტორიტეტის მქონე სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის წარმომადგენლებისგან, ზედმეტი განმარტებების გარეშე მიგვანიშნებს იმაზე, რომ განვითარებული მოვლენები უპრეცედენტო ხასიათს ატარებს.

 

ამ ნააზრევში ვერ იხილავთ პოზიციას ეკონომიკურ და ფინანსურ ხერხებზე, რომელიც ბევრჯერ გაჟღერდა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორისთვის: მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება, ხელფასების სუბსიდირება, რეგულაციების შემცირება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა გრანტების და შეღავათაინი სესხების საშუალებით და ა.შ.

 

დღეს ვისაუბრებთ უშუალოდ ტურიზმის მენეჯმენტზე, რა უნდა შეიცვალოს იმისათვის, რომ ამ გამოწვევას გაუმკვლავდეს საქართველო:

 

1. ვირუსის პრევენციის მექანიზმების შექმნა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიისთვის

არსებული მდგომარეობა გვაჩვენებს , რომ ვირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება, შესაბამისად კომერციული საქმიანობაც. ახლო მომავალში ნელ-ნელა გაიხსნება სტუმარმასპინძლობის ობიექტები და სახელმწიფომ, კერძო სექტორის მხარდაჭერით, უნდა შექმნას მექანიზმი იმისა, რომ ამ ადგილებში სტუმრობა არ გახდეს ვირუსის ახალი გავრცელების კერა. შესაბამისად, უნდა შეიქმნას პლატფორმა, რომლითაც ყველა ობიექტი დაემორჩილება ერთ სტანდარტს, რაც თავის მხვრივ გახდება სტუმრების უსაფრთხოებაზე ზრუნვის და ვირუსის პრევენციის წინაპირობა.

 

კარგი მაგლითი ამ მიმართულებით აქვს სინგაპურს. სინგაპურმა შექმნა "სისუფთავის სერთიფიკატი" (SG Clean.) იმისათვის, რომ ტურისტულმა ბიზნესებმა მოიპოვონ ეს სერტიფიკატი, აუცილებელია შეასრულონ 7 სხვადასხვა სტანდარტი. ეს სტანდარტებია: "სისუფთავის სერთიფიკატი"- ის მენეჯერის ყოლა ადგილზე, მკაცრი და დეტალური სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად, სკრინინგის პროცესის (ვიზიტორების შესაძლო სიმპტომების დადგენა) იმპლემენტაცია და სხვა. მაგალითისათვის იხილეთ კვების ობიექტების სტანდარტები.

 

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს აჭარის ა.რ. ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტს, რომელმაც დანერგა „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ ხარისხის ნიშანი. აღნიშნული ნიშანი არის მზა პლატფორმა „სისუფთავის სერთიფიკატის“ მსგავის სტანდარტის შემოღებისა საქართველოში.

 

2. დესტინაციის მარკეტინგი

დღევანდელ შექმნილ რეალობაში როდესაც ყველა ძალისხმევა პანდემიის დაძლევისკენაა მიმართული, კომუნიკაცია სხვა მნიშვნელობას და ფუნქციას იძენს. ბევრ გამოწვევასთან ერთად, აღნიშნულ სიტუაცაში აუცილებელია შესაძლებლობების დანახვაც. კრიზისის დროს უწყვეტი კომუნიკაცია კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ მისი ჩავლის შემდგომ უფრო მარტივად მოხდეს დანაკლისის ანაზღაურება.

 

ის, რომ დღეს ტურისტული ბრენდი „საქართველო“ დუმს, ცუდად აისახება ამ გამოწვევის დაძლევის გრეძელვადიან სურათზე. კომუნიკაციის არარსებობის პირობებში ბრენდი „კარგავს ადგილს“ მომავალი მოგზაურის გონებაში, რაც ქმნის წინაპირობას იმისა, რომ პანდემიის დამარცხების შემდეგ საქართველო აღარ იყოს მოგზაურის „განხილვის არეალში“. ჩვენს ბრენდს თავისუფლად შეუძლია აწარმოოს კამპანია საქართველოში მოგზაურობის მთავარ მასტიმულირებელ ფაქტორებზე დაყრდნობით: გასტრონომია, მეღვინეობა, ფოლკლორი, მატერიალური კულტურული მემკვიდრეობა, დაცული ტერიტორიები და ა.შ. აღნიშნული თემატიკების ირგვლივ შეკრული კონცეფცია შეიძლება აგებული იყოს სოციალური დისტანციისკენ, პასუხისმგებლიან მოქმედებაზე მოწოდებისკენ, იზოლაციის გაუსაძლისი მდგომარეობის შემსუბუქებისკენ და ემოციური კავშირის დამყარებისკენ. ყოველივე ეს კი, თავისთავად, საფრთხის ჩავლის შემდეგ, საქართველოში მოგზაურობის სტიმულირების წინაპირობა უნდა გახდეს. აღნიშნული საკითხის ირგვლივ კონკრეტული მარკეტინგული სვლების დეტალური განხილვისთვის შეგიძლიათ იხილოთ ბლოგი.

 

3. ციფრული კომერციის დანერგვა

დღეს უკვე ცხადი ხდება რომ ციფრულ კომერციას ექნება კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ტურიზმის მენეჯმენტის კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდში. ვებ-გვერდები, სოც. მედია არხები, ინტერნეტ მარკეტინგი, ვირტუალური რეალობა, ხელოვნური ინტელექტი და სხვა უფრო კომლექსური ხასიათის ციფრული იარაღები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება წარმატებული ფუნქციონირებისთვის. ის , რომ ამ მიმართულებით არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა, კარგად სჩანს გასულ წელს ბათუმის მასშტაბით გაკეთებული კვლევიდან, სადაც ადგილობრივი რესტორნების 4% გააჩნია საკუთარი ვებ-გვერდი . სახელმწიფომ აცუილებლად უნდა დაგეგმოს ციფრული ცოდნის გაღრმავების მექნიზმები: მასშტაბური ხასიათის ციფრულ ხელსაწყოების ინტენსიური ტრენინგები და მათი ბიზნესში ინტეგრირების ფინანსური დახმარების მექნიზმები.

 

თუ გსურთ კარგად გაიაზროთ, ამ შემთხვევაში, ვებ-გვერდის როლი და იყოთ მზად მომავალი გამოწვევებისთვის, ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს გირჩევთ გაეცნოთ აღნიშნულ ბლოგს.

 

4. სტატისტიკის და აღრიცხვიანობის გაუმჯობესება

დღეს კიდევ უფრო აქტუალური ხდება ვიცოდეთ სტუმართმასპინძლობის სუბიექტების ზუსტი რაოდენობა და მოგზაურების ციფრები საქართველოს კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალებში იმისათვის, რომ სწორად გაანალიზდეს მათი მხადაჭერის მექანიზმები და დაიგეგმოს პოსტ-კრიზისული ნაბიჯები. აღნიშნულისთვის აუცილებელია (1) ტურიზმის სერვისების მიმწოდებლების ოფიციალური რეესტრის არსებობა და (2) ქალაქებსა თუ კურორტებზე ტურისტების აღრიცხვიანობის პრაქტიკის გაუმჯობესება. დღეს საქართველოში სახელმწიფოს აქვს ბუნდოვანი წარმოდგენა მიწოდების იმ ნაწილზე, რასაც ჰქვია გიდი, ტურ-სააგენტო, აგრო-ტურისტული მეურნეობა და ა.შ (კანონით არ არის განსაზღვრული ამ სუბიექტებად დარეგისტრირება), ასევე ვერ ხერდება ტურისტების და საწოლი ადგილების რაოდენობის ზუსტი ციფრების იდენტიფიცირება (სტატისტიკის წარმოების არსებული პრაქტიკა არ იძლევა ამის საშუალებას) უშუალო ქალაქების და კურორტების დონეზე (მაგ. ბათუმში, ზუგდიდში, ბორჯომში ა.შ.)

 

ეს ორი ფაქტორი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სწორად დაიგეგმოს ტურიზმის ანტი-კრიზისული გეგმა, რომელიც მორგებული იქნება კონკრეტულ საჭიროებებზე რეგიონების და ქალაქების მიხედვით. ამას კი მყისიერი და საფუძვლიანი საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდება. აღნიშნული საკითხის უფრო დეტალურ ანალიზი იხილეთი „ტურიზმის ინსტიტუტის“ კვლევაში.

 

5. შიდა ტურიზმის სტიმულირება და თვითმმართველობების ჩართვა ტურიზმის მენეჯმენტში

შიდა ტურიზმი გახდება მომავალი ტურისტული ნაკადებისთვის მზადების კარგი პლატფორმა. თავდაპირველად შიდა ტურიზმის სტიმულირება იქნება აუცილებელი იმისათვის, რომ დაიწყოს კომერციული „მოძრაობა“ ტურიზმის სექტორში. ცხადია, სხვადასხვა ქალაქს ექნება სხვადასხვა გამოწვევა ამ მიმართულებით. მაგალითისთვის ბათუმის გამოწვევა ტურიზმის ჭრილში ვერ იქნება რუსთავის იდენტური და რუსთავი არ და ვერ გაატარებს სტიმულირების იმ ზომებს , რომელიც ბათუმს სჭირდება. ამიტომ, ქალაქებზე/კურორტებზე მორგებული საჭიროებების სწორი გზების დასახვისთვის აუცილებელია თვითმართველობების აქტიური მუშაობა. მართალია, ქართული „ტურიზმის მენეჯმენტი“ არ ითვალისწინებს თვითმართველობების აქტიურ ჩართულობას ამ პროცესში, მაგრამ დღევანდელი არაორდნინალური გარემოება ყველა სახელმწიფო რგოლის მუხლჩაუხრელ კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს. (სხვათაშორის იგივე ეხება საქართველოს პარლამენტასაც, ის ამოვარდნილია ტურიზმის პოლიტიკის პროცესიდან, მაშინ როცა მის გარეშე წამოუდგენელია ასეთი პრობლემის დაძლევა. იხ. პუნქტი 4). დიფერენცირებული მიდგომის გარეშე ასეთი კომპლექსური გამოწვევის დაძლევა შეუძლებელი იქნება! თუ ცენტრალური ხელისუფლება ამბობს, რომ უნდა ვიმუშავოთ გადასახადების შემსუბუქება/გაუქმების მიმართულებით, შიდა ტურიზმის სტიმულირების კუთხით, ტურ-პროდუქტების გაუმჯობესების მხრივ, თვითმართველობა ამის „ინტერპრეტირებას“ უნდა ახდენდეს თავისი საჭიროების მხვრივ. მაგ. ბათუმის მერიას შეუძლია თავადვე გადაწყვიტოს მიდგომები ქონების გადასახადთან თუ კომუნალურ გადასახადების პოლიტიკასთან მიმართებაში. ასევე, მასვე შეუძლია შექმნას შიდა ტურიზმის (გრძელვადიან პერსპექტივაში კი უცხოელი ტურისტების) სტიმულირების პაკეტები: მუნიციპალური ტრანსპორტის, ბოტანიკური ბაღის, ბათუმველოს, მუზეუმების და სხვა სერვისების ერთ შეთავაზებაში მოქცევით.

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ყველა გამოწვევას აქვს თავისი შესაძლებლობა. ეს შესაძლებლობა საქართველოსთვის კი არის შემდეგი: ერთხელ და სამუდამოდ გავუმკვლავდეთ ტურიზმის მენეჯმენტის ძირეულ პრობლემებს!

 

მამუკა ბერძენიშვილი

„ტურიზმის ინსტიტუტი“

www.tourisminstitute.ge

 

სტატია თავდაპირველად შეიქმნა პორტალისთვის www.asea.ge და გამოქვეყნდა 2 მაისს.

© 2020 Copyright