ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

ტურიზმის დესტინაციის მარკეტინგული კომუნიკაცია მსოფლიო პანდემიის პერიოდში

ტურიზმის დესტინაციის მარკეტინგული კომუნიკაცია მსოფლიო პანდემიის პერიოდში

დღევანდელ შექმნილ რეალობაში როდესაც ყველა ძალისხმევა პანდემიის დაძლევისკენაა მიმართული, კომუნიკაცია სხვა მნიშვნელობას და ფუნქციას იძენს. ბევრ გამოწვევასთან ერთად, აღნიშნულ სიტუაცაში აუცილებელია შესაძლებლობების დანახვაც. კრიზისის დროს უწყვეტი კომუნიკაცია კარგ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ მისი ჩავლის შემდგომ უფრო მარტივად მოხდეს დანაკლისის ანაზღაურება. პანდემიის დროს კარგი კომუნკაციის მაგალითები საკმაოდ მოიპოვება, მათ შორისაა ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ორგანიზაციების და დესტინაციების მიერ წარმოებული კამპანიები, მაგალითად ესტონეთი და პორტუგალია.

 

როგორც ვიცით, საქართველოს ეკონომიკაში ტურიზმს დიდი წვლილი შეაქვს. განსაკუთრებით დიდია მისი როლი რეგიონების ეკონომიკაში, მაგალითისთვის შეიძლება მოვიყვანოთ აჭარის რეგიონი. ამიტომაც, ასეთ დროს საჭიროა პროაქტიული მოქმედება, რისი გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა საქართველოს, როგორც ტურისტული ბრენდის (ანალოგიური შეიძლება ითქვას რეგიონებზეც) უწყვეტი კომუნიკაცია სამიზნე აუდიტორიასთან არსებული რეალობის გათვალისწინებით.

 

სწორედ ამ მიზნით, ტურისტერის გუნდმა შეიმუშავა ტურიზმის კომუნიკაციის გეგმის მონახაზი, თუ როგორ შეიძლება საქართველომ, როგორც დესტინაციამ განაგრძოს რეგიონის პოპულარიზაცია პანდემიის პერიოდში.

 

კომუნიკაციის მიზანი

  1. შევინარჩუნოთ ადგილი/პოზიცია პოტენციური მოგზაურის გონებაში
  2. საქართველომ, როგორც ბრენდმა შეინარჩუნოს რელევანტურობა
  3. პანდემიის დამარცხების შემდეგ საქართველო იყოს მოგზაურის ე.წ. „განხილვის არეალში“
  4. ხაზი გაესვას საქართველოს უნიკალურ ნიშან-თვისებებს სხვა პერსპექტივიდან
  5. შევიტანოთ პოზიტიური მუხტი დაძაბულ გარემოში


 

სამიზნე აუდიტორია

საქართველოში მოგზაურობით პოტენციურად დაინტერესებული პირები (უცხოელები და ადგილობრივები). ვინაიდან პანდემიის გადავლის შემდეგ, დიდი ალბათობით, პირველი მოგზაურები ისევ ქართველები იქნებიან,  პირველ ეტაპზე აქცენტი შიდა ტურისტებზე უნდა გაკეთდეს.

 

თემატიკა

კომუნიკაციისთვის შერჩეული თემები ძირითადად ეყრდნობა საქართველოში მოგზაურობის მთავარ მასტიმულირებელ ფაქტორებს, როგორებიცაა კულტურული/ურბანული მემკვიდრეობა, გასტრონომია, მეღვინეობა, ფოლკლორი და ა.შ.

 

აღნიშნული თემატიკების ირგვლივ შეკრული კონცეფცია აგებულია ერთის მხრივ სოციალური დისტანციისკენ და პასუხისმგებლიან მოქმედებაზე მოწოდებისკენ (თითოეული ვიზუალი მიანიშნებს დისტანციის დაცვაზე და ამავე დროს საქართველოს ტურიზმის ბრენდის დაპირებასთანაა ასოცირებული), ხოლო მეორეს მხრივ საფრთხის ჩავლის შემდეგ მოგზაურობის სტიმულირებისკენ.

 

 

საკომუნიკაციო გზები

მსგავსი თემატიკის კომუნიკაცია საჭიროა მიმდინარეობდეს ტურიზმის ოფიციალურ გვერდებზე (მაგ.: Georgia Travel; Visit Batumi სოც-მედია არხებზე) და ასევე პოპულარულ ჯგუფებში (spend your summer in Georgia, მოგზაურთა კლუბი, ა.შ.).

 

საკომუნიკაციოდ, ასევე სასურველია, გამოყენებული იქნეს პირდაპირი მარკეტინგის საშუალებები, რაც გულისხმობს მოხმარებელთა/ვიზიტორთა ბაზისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში, მაგალითად: საინფორმაციო ცენტრების ბაზები, CRM ბაზა) ინფორმაციის პირდაპირ დაგზავნას.

 

კომუნიკაციის გაფართოებისთვის რეკომენდებულია კერძო სექტორის ჩართვაც და მათი საკონტაქო ბაზების გამოყენებაც, რაც ხელს შეუწყობს დესტინაციის ერთიანი მესიჯი უფრო ფართო მასებს გაეგზავნოს. ეს შეიძლება იყოს სასტუმროები, ტურისტული კომპანიები და ნებისმიერი ტურიზმში ჩართული მხარე.

 

გარდა ამისა, საწყის ეტაპზე ფასიანი ინტერნეტ რეკლამის გამოყენება შესაძლებელია იმ სამიზნე აუდიტორიაზე, ვინც რაღაც ეტაპზე რაიმე სახის ინტერესი გამოთქვა საქართველოს ირგვლივ (იქნება ეს ოფიციალურ ტურისტულ პორტალებზე, საინვესტიციო ვებგვერდზე თუ სხვა ტურიზმთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ ვებგვერდებზე შემომსვლელები თუ სოციალური მედია არხების მიმდევრები).

 

მსგავსი მიდგომა შესაძლოა ქვეყნის შიგნით განახორციელონ ადგილობრივმა დესტინაციის მართვის ორგანიზაციებმა (DMO) და შეიმუშავონ ადგილობრივ თემატიკაზე მორგებული საკომუნიკაციო თემები, რომელიც უშუალოდ შიდა ტურიზმის და ქვეყნის შიგნით მოგზუარობის სტიმულირებაზე იქნება ორიენტირებული.

 

აღნიშნული სტატია არ წარმოადგენს დოკუმენტს, სადაც სრულად არის ჩამოყალიბებული ტურიზმის დესტინაციის მარკეტინგული კომუნიკაციის გეგმა. იგი უფრო ემსახურება იდეის გაჟღერებას, თუ რატომ, როგორ და რა ფორმით უნდა გაგრძელდეს  სახელმწიფომ დესტინაციის კომუნიკაცია კრიზისულ სიტუაციაში.

საქართველო მარკეტინგი covid 19 შინდი
© 2020 Copyright