დღეს, 26 ნოემბერს, საქართველოს მთავრობამ დამატებითი შეზღუდვების დაანონსა. შეზღუდვების ახალი ტალღის შესაფასებლად ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს დავუკავშირდით. კომენტარების გაცნობამდე უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი მათგანი ერთხმად აღნიშნავს შემდეგს: პრობლემა საერთოა, მას მხარე არ ჰყავს, ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო გამოწვევის დასაძლევად, ხოლო კერძო სექტორის მიერ გამოთქმულ კრიტიკას ერთი მიზეზი აქვს მხოლოდ - ვალდებულება, იყოს პასუხისმგებლიანი, ბიზნესისა და საზოგადოების საუკეთესო ინტერესების წინაშე.
„არ ვეთანხმები არასდროს არაფრის დაკეტვას, შეზღუდვას! იმიტომ არ ვეთანხმები, რომ ჩვენი სახლემწიფო ისედაც ღარიბია, რესურსები მწირი აქვს, ამიტომ უნდა მოგვეცეს ჩვენ, რესტორატორებს, საშუალება რომ არ მოვკლათ ბიზნესები, შევინარჩუნოთ თანამშრომლები და გვერდში დავუდგეთ ამით ქვეყანას იმიტომ, რომ თითოეული სამუშაო ადგილი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის.
პრემიერის განცხადების შემდეგ გვაინტერესებს, რა სახის შეღავათებს და კომპენსაციას გაუწევს სახელმწიფო სტუმარ-მასპინძლობის სფეროს. კვების დაწესებულები, რომელთაც მოუწევთ ონლაინ სერვისზე გადასვლა, ვერ შეძლებენ 20%-ზე მეტის კადრების შენარჩუნებას. ლეგიტიმური კითხვა მაქვს: თუ გვკეტავთ, რითი გვეხმარებით?
მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ 13 რესტორანს, "შავი ლომი", "ქეთო და კოტე", "კაფე ლიტერა", "კულინარიუმი", "წისქვილი", "კახელები", "ბარბარესთან", "ჩვენი", "დაინინგ რუმი", "ქეთის ბისტრო", "გასტრონავტი", "ჯი.ვინო", "ზალა", 2018-2019 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი აქვს 12,163,993 ₾.
კითხვა შემდეგია: როდესაც მათ უჭირთ, რითი ეხმარება სახელმწიფო?“
„არ ვეთანხმები შეზღუდვებს. ეს ადაპტაციის სტრატეგია არ არის, არამედ იზოლაციის სტრატეგიაა. სასტუმრო ინდუსტრია ისედაც მკვდარია თბილისში და ზოგადად საქართველოში, რაც გამოწვეული არის პირველი ტალღის, ასევე არასაჭირო და რადიკალური, ჩაკეტვის წყალობით. ამიტომ დაანონსებული შეღავათებიც ნონსენსია. ძალიან ბევრი ობიექტი თვითრეაბილიტაციას ვეღარ მოახერხებს. სარესტორნო ბიზნესს ამით ძირი ეთხრება. რესტორანში მიტანის სერვისი რომ გქონდეს, თანამშრიმლები ტაქსით უნდა ატარო, 20:00-ზე კი უნდა დაკეტო ობიექტი - დასკვნა თქვენთვის მომინდია?! დაანონსებული საშეღავათო პროგრამა რესტორნებისთვის, რაც გულისხმობს სესხების საპროცენტო განაკვეთის 80 პროცენტის სუბსიდირებას, რა აზრი აქვს?! ძირს ვინმე გადაიხდის? ვინც ძირს გადაიხდის ის პროცენტსაც გაუმკლავდება. მცირე და საშუალო ბიზნესი აღარ იარსებებს, ეს არაა ბალანსი ეკონომიკასა და ჯანმრთელობას შორის!“
„არ ვეთანხმები არც ერთ აღნიშნულ შეზღუდვას. ჩაკეტვის ნაცვლად სახელმწიფომ უნდა გააკეთოს შემდეგი: შეამციროს მთავრობის ზომა, დანერგოს ქამრის მოჭერის პოლიტიკა საჯარო რესურსებზე, ჩართოს საზოგადოების წევრები ვირუსის გავრცელების შეზღუდვის პროცესში. აუცილებელია პირბადეების ტარების, დისტანციის დაცვისა და რეგულაციების აღსრულების მკაცრი ზომების გატარება. ასევე, დონორების დახმარება უნდა მივმართოთ სამუშაო ადგილების შენარჩუნებაზე და შევაჩეროთ არადროული პროექტები.
განსაკუთრებით საგულისხმოა გიდების, ტურიზმის ინდუსტრიის სხვა კადრების, გადამზადება საველე სამუშაოებისთვის. პოლიცია არ არის საჭირო, გადამზადებული გონიერი ადამიანები ქუჩებში, კეთილგანწყობილი ტონით, უნდა უთითებდნენ მოქალაქეებს ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია. გიდი რატომ ვერ გააკეთებს ამას? სახელმწიფომ უნდა დაიქირაოს ისინი საზოგადოებრივი წესრიგის და რეგულაციების დასაცავად.“
lockdown ჩაკეტვა სტუმარმასპინძლობის ინდუსტრია სასტუმრო ინდუსტრია სარესტორნო ინდუსტრია