წარმატებას აღწევს ის, ვინც ფიქრობს, რომ ეს შეუძლია. ვისაც სჯერა, რომ სამყარო არის შესაძლებლობების ღია ფანჯარა. ფანჯარა, რომლის გაღება მხოლოდ სურვილზე, მონდომებასა და წინ სწრაფვაზეა დამოკიდებული. წარმატების მისაღწევად მთავარია სურვილი, რომელსაც ძალუძს ადამიანის შესაძლებლობები სრულად გამოავლინოს, სწორედ მაშინ, ადამიანი გრძნობს შესაძლებლობების უსაზღვრო ძალას და მას ეძლევა მოტივაცია იმისა, რომ რთული ქმედება თუ მიზანი ძალზედ მარტივად აღიქვას.
ჩვენი შემდეგი წარმატებული ქალი ტურიზმის სფეროდან, ნინო მესაბლიშვილია, რომელიც პირველი ქართველი სასტუმროს მენეჯერი ქალია ჰილტონის ქსელში.
,,ძნელია გავიხსენო საიდან დაიწყო ეს ყოველივე, რადგან სანამ დიდ წარმატებას მივაღწევდი, საკმაოდ დიდი გზა გავიარე იქამდე, რომ ჩემით ყველა გარშემომყოფს ეამაყა. ალბათ, ყველაფერი მაინც სკოლით დაიწყო. მახსოვს 90-იან წლებში შუქი არ გვქონდა, გვშიოდა, გვციოდა და ტანსაცმელიც არ გვქონდა რომ ნორმალურად გავმთბარიყავით. ამ დროს მე კერძო სკოლაში ვსწავლობდი და ჩემი მშობლები მაქსიმუმს აკეთებდნენ, რომ კარგი განათლება მიმეღო. სკოლა ფრიადებზე დავამთავრე, შემდეგ იყო სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც ურთულეს ჩაწყობების პერიოდში უფასოზე მოვეწყვე და ასევე ფრიადებით დავამთავრე. რაც თავი მახსოვს სკოლა, გაკვეთილი, ლექცია არ გამიცდენია... თავდაუზოგავად ვსწავლობდი, ვაბარებდი საგნებს და უამრავს ვკითხულობდი... ვფიქრობ ამან ჩაუყარა საფუძველი იმას რომ უზომოდ პასუხისმგებლიანი და შრომისმოყვარე გავიზარდე.“
ცოდნა შეიძლება ყველაფრის ამომხსნელი გასაღები იყოს, მაგრამ გამოცდილების გარეშე ის მხოლოდ გასაღებად დარჩება. გასაღებად, რომლითაც შეუსაბამო კარის გაღების შემთხვევაში ყველაფერი წყალში ჩაიყრება, და შესაბამისად, ამაო იქნება ცოდნის ფასი. თუკი ცხოვრების განმავლობაში ადამიანები ეცდებიან ცოდნის გასაღებით ყველა კარის გაღებას, გამოცდილება დაგროვდება და შესაძლებელი იქნება სამყაროში ადაპტაცია და საკუთარი ადგილის დამკვიდრება. ეს ორი კი წარმატების უტყუარი გარანტიაა.
ნინო პროფესიით ფსიქოლოგია, რაც ეხმარება მას ადამიანებთან ურთიერთობაში, ეს კი უმთავრესია იმისთვის, რომ იყო კარგი ლიდერი და დიდ წარმატებას მიაღწიო.
,,თავიდანვე ძალიან გამტანი და მიზანდასახული ვიყავი, რაც დამეხმარა ცხოვრებაში ბევრი რამისთვის დამოუკიდებლად მიმეღწია. ბევრჯერ წავიქეცი, თუმცა რამდენჯერაც წავიქეცი, უფრო გავძლიერდი და უფრო მეტად დაჟინებით წამოვდექი. პირველი ბარიერი, რაც შემხვდა ცხოვრებაში იყო, რომ ჩაწყობის გარეშე უფასოზე ვერ მოვხდებოდი - საკმაოდ მოთხოვნად ფაკულტეტზე. ერთწლიანი თავდაუზოგავი მეცადინეობის შედეგად მე ეს სტერეოტიპი დავარღვიე და უფასოზე ჩავირიცხე. შემდეგ იყო მითი რომ ერთდროულად ვერ ვიმუშავებდი, ვისწავლიდი და შვილს ვერ გავზრდიდი, თუმცა მე ეს მითიც დავარღვიე და ყველაფერს ერთად ჩავეჭიდე... ასევე, იყო მითი, რომ ქალები სუსტები ვართ, რომ რთულია ბალანსი პირად ცხოვრებასა და კარიერაში ერთდროულად, მაგრამ მე ესეც შევძელი. პირველი ქართველი გენერალური მენეჯერი ქალი ვარ ჰილტონის ოჯახში და ეს ძალიან მეამაყება.“
კომბინაცია ცოდნის, გამოცდილებისა და მიზანდასახულობის ერთგვარი გარანტია წარმატებისა და ბედნიერი მომავალის. მომავლის, რომლის შექმნაც დამოკიდებულია მოტივაციაზე, მონდომებასა და საქმისადმი სიყვარულზე. სწორედ, სიყვარულია ყოველივეს მამოძრავებელი ძალა.
,,ერთადერთი მოტივაცია, რაც მამოძრავებს ბავშვობიდან ეს არის სიყვარული - სიყვარული ჩემი პროფესიის, სიყვარული ჩემი საქმის, ჩემი პოზიციის, ჩემი კომპანიის. ყოველთვის ვამბობ თუ სამსახურში თუ არ მიგიხარია, მაშინ ეს არ არის შენი საქმე და უნდა ეცადო რაიმე შეცვალო. სასტუმროს სფერო და ტურიზმი უზომოდ შემიყვარდა - ესაა ძალიან დინამიური, ცვალებადი, ცოცხალი სფერო და აქ ყოველდღე რაღაც ახალს სწავლობ, უამრავ ადამიანს ხვდები და იძენ უდიდეს გამოცდილებას.“
ნებისმიერი საქმის კეთების პროცესში თავს იჩენს ბარიერები, რომელთა გადალახვა იმ მომენტში გადამწყვეტიც კია. მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა შეძლოს ბარიერი აღიქვას შესაძლებლობად და გამოიყენოს ის, როგორც ახალი გამოცდილება, რითაც შეიძენს ახალ უნარებსა და ძალას. ძალას, რომლითაც შეძლებს, რომ არ დანებდეს და განაგრძოს სვლა.
,,ძალიან ბევრი სტერეოტიპია, როგორც ვახსენე, ხშირად ჰგონიათ რომ რადგან ქალები ვართ, არჩევანი უნდა გავაკეთოთ პირად ცხოვრებასა და კარიერას შორის, თუმცა ეს ესე არაა. ძლიერ ქალს იდეალურად შეუძლია ამ ორის ბალანსი და თან ისე რომ შემდგარ ქალად, დედად და მეუღლედ იგრძნოს თავი. მთავარია სურვილი, მონდომება და კიდევ ერთხელ - შენი საქმის სიყვარული! თუმცა აუცილებლად გიწევს ცხოვრების რაღაც ეტაპზე დათმობაზე წავსლა, 5 წელი ბათუმში გადავიხვეწე. ჩემი ცხოვრების ურთულესი 5 წელი იყო, რადგან მარტო ვიყავი და ჩემი შვილი, 3 წლის სანდრო, ცალკე იზრდებოდა დედასთან თბილისში, თუმცა კარიერულად იმდენად გავიზარდე, იმდენი რამ ვისწავლე, რომ ეს ამად ნამდვილად ღირდა!“
ნინო გვიზიარებს რჩევებს, რომლებიც წარმატების მიღწევის საწინდარია:
ნინო იყო ერთი უბრალო პატარა გოგონა, რომელიც შემთხვევით მოხვდა, პირველ სამსახურში, ადამიანური რესურსების მართვის (HR) სფეროში, მერე ჩამოყალიბდა ერთ-ერთ საუკეთესო HR პროფესიონალად საქართველოში და გახდა ძალიან წარმატებული სასტუმროს მენეჯერი, სხვადასხვა საგნის ლექტორი და უკვე 9 წლის ვარსკვლავბიჭუნას დედა.
,,ძალიან რთული ბავშვობა და წლები გამოვიარე. იყო პერიოდი ძალიან გვიჭირდა... თუმცა არცერთი წამით ფარხმალი არ დამიყრია, სულ მუდამ წიგნებში ვიყავი, ვსწავლობდი, სხვადასხვა პროგრამებში ვმონაწილეობდი (დებატები, სპორტი, ოლიმპიადები) და ვიცოდი, რომ აუცილებლად მივაღწევდი დიდ წარმატებას. ოცნებად მქონდა საკუთარი ბინის ქონა და ბათუმში მუშაობის მთელი წლების მანძილზე ნელ-ნელა განვახორციელე ეს ოცნებაც - ჩემ შვილთან ერთად ვცხოვრობ ჩემს საკუთარ კერაში.“
ავტორი: ლიზა ანთაძე
ქალბატონები ტურიზმში სასტუმრო ინდუსტრია Hilton