ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

სამოგზაურო ინდუსტრია ვერ გაექცევა კლიმატის ცვლილების შედეგებს, მაშინაც კი როდესაც კოვიდ-19 შორეულ წარსულს ჩაბარდება

სამოგზაურო ინდუსტრია ვერ გაექცევა კლიმატის ცვლილების შედეგებს, მაშინაც კი როდესაც კოვიდ-19 შორეულ წარსულს ჩაბარდება

 

ნიღბები, სოციალური დისტანცირება და ვაქცინები ვერ გააჩერებს კლიმატის ცვლილებას. აქ არ არის საუბარი იმაზე, თუ რომელია უფრო დიდი საფრთხე, კლიმატის ცვლილება თუ კოვიდ-19, ვინაიდან ეს ორი ერთმანეთთან კავშირშია. თუმცა, თუკი ამ საკითხს გრძელვადიანი პერსპექტივიდან შევხედავთ, კლიმატის ცვლილება ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის სამოგზაურო ინდუსტრიას მას შემდეგაც კი, როცა კორონა ვირუსი დიდი ხნის დასრულებული იქნება.

 

მსოფლიოში  განვითარებული ტენდენციების გრელვადიანი პერსპექტივიდან გაანალიზება ყოველთვის უმჯობესია, ვინაიდან ჩვენ, როგორც წესი დღევანდელ ახალ ამბებზე და მიმდინარე კრიზისულ მომენტებზე გვაქვს აქცენტი. ამიტომაც, თუკი მსოფლიოზე და მოგზაურობის ინდუსტრიაზე კლიმატის ცვლილების გრძელვადიან პოტენციურ გავლენაზე დავფიქრდებით, კოვიდ-19-ის პანდემია შეიძლება განვიხილოთ, როგორც ძალიან მტკივნეული სამომავლო ტრაგედიის მცირე გამოვლინება.

 

ზემოაღნიშნულის მიზანი, რა თქმა უნდა, არ არის კორონა ვირუსით გამოწვეული კატასტროფის შედეგების დაკნინება, რომელმაც გააჩერა მსოფლიო პროცესები და დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

ბევრი თეორია არსებობს კოვიდ-19-სა და კლიმატის ცვლილებას შორის არსებულ კავშირზე, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი ჰაბიტატის დეგრადაცია იწვევეს ველურ ბუნებაში ინფექციების ზრდას და ადამიანთან კონტაქტის ინტენვისობის ზრდას.

 

„სად აპირებთ წასვლას?“


გარემოს საკითხების ამერიკელი სპეციალისტი ჯერი ბრაუნი არასერიოზულად და უსარგებლოდ აღიქვამს კალიფორნიდან (სადაც ბოლო დროს გახშირდა ხანძრები ტყეში) გაქცევის მცდელობას,  მაშინ როდესაც უკონტროლო ტყის ხანძრები  ანადგურებს შტატს.

 

„მითხარით, სად აპირებთ წასვლას?“- კითხულობს  ბრაუნი. „რა არის თქვენი ალტერნატივა? შეიძლება კანადა. სად აპირებთ წასვლას, იოვაში? სადაც ინტენსიური ტორნადოებია? ფაქტია, რომ ჩვენ ვდგავართ გლობალური კრიზისის წინაშე, რომელიც სულ უფრო და უფრო მწვავდება და რომლის შესახებაც მეცნიერები გვაფრთხილებენ. თუმცა, ამ გაფრთხილებებს უმეტესწილად არავინ აქცევს ყურადღებას.  ახლა ჩვენ უფრო ნათელი მაგალითი გვაქვს.“

 

სად აპირებთ წასვლას? მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებზე რომ ვისაუბროთ, დასავლეთში ტყის ხანძრები მძვინვარებს, ცენტრალურ დასავლეთ ნაწილში ტორნადოებია, ქვეყანაში გახშირებულია მაღალი ტემპერატურის ტალღები, ხოლო ქარიშხალები გამუდმებით უტევს მექსიკის ყურეს და მთლიან აღმოსავლეთ სანაპიროს.

 

სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, როგორებიცაა მაგალითად ვიეტნამი, ბოლო წლებში გახშირებულია წყალდიდობები და ტაიფუნები. მეცნიერების პროგნოზით აფრიკაში საკვების მარაგი კიდევ უფრო შემცირდება, რაც გამოწვეული იქნება ზოგიერთ რეგიონებში შემცირებული წვიმის რაოდენობით და გვალვებით.

 

გამქრალი ბუფერები


ადვილი წარმოსადგენია და ამასთანავე ნავარაუდევია, რომ იმ რეგიონებმა, რომლებსაც ამ დრომდე არ უგემია კლიმატის ცვლილების ყველაზე ცუდი შედეგები, შესაძლოა დაკარგონ დროებითი ბუფერები.  ჩვენს და მათ შვილებს ალბათ მოუწევთ წყალდიდობებთან, გვალვებთან, მზარდ ტემპერატურასთან და ციკლონებთან გამკლავება?!

 

გაეროს კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორის პანელს  საზარელი მოსალოდნელი სცენარები აქვს ნავარაუდები, თუკი გადადგმული არ იქნება კლიმატის ცვლილების შემსუბუქებისკენ მიმართული რადიკალური ნაბიჯები, თუმცა პანდემიისგან განსხვავებით ნიღბები, სოციალური დისტანცირება და ვაქცინები კლიმატის ცვლილების საკითხს ვერ გადაწყვეტს.

 

კლიმატის ცვლილების შემსუბუქებისკენ მიმართული ნაბიჯები იქნება რთული, ძირეული ცვლილებების მომტანი და ამავე დროს ათწლეულები იქნება საჭირო პროგრესის დასანახად.

 

ბოლო 15 წლის განმავლობაში სამოგზაურო ინდუსტრია მნიშვნელოვნად შეიცვალა. საინტერესოა რა ცვლილებების მომტანი იქნება შემდეგი ათწლეული? 2005 წელს ონლაინ ტურისტულმა საგენტოებმა არ იცოდნენ Kayak-ის შესახებ, არ არსებობდა იაფფასიანი ავიახაზები (low-cost airlines) ისევე, როგორც არ არსებობდა აიფონები, სამოგზაურო მობილური აპლიკაციები და Airbnb.

 

„სირცხვილის განცდა“ ხშირი ფრენების განხორციელების გამო


დღევანდელი გადმოსახედიდან 10-15 წლის შემდეგ მსოფლიოში მოგზაურობა შესაძლოა დრამატულად შეიცვალოს.  კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შედეგები კიდევ აქტუალური იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო მანქანების პოპულარობა იზრდება და ავიაციის მიერ გამოყენებული ბიოსაწვავი ამცირებს სათბური აირების გამოყოფას.

 

ფრენის გამო „სირცხვილის განცდა“  ნელ-ნელა ტრენდი ხდება და ადვილი წარმოსადგენია ის დღე, როდესაც თვითმფრინავით ხშირი მოსარგებლე ასოცირებული იქნება „მოღალატესთან“ და არა რაიმე სტატუსის მატარებელთან.

 

კლიმატის ცვლილებების შემსუბუქება რთული მისაღწევი იქნება.

 

სამომავლოდ მოსალოდნელია სხვა პანდემიებიც,  თუკი კლიმატის ცვლილებების შემსუბუქებისკენ არ იქნება გადადგმული ნაბიჯები. თუმცა, სამომავლო პერსპექტივაში კლიმატის ცვლილება ეგზისტენციალურ საფრთხეს შეუქმნის პლანეტას. თუმცა, ამავე დროს, არც კოვიდ-19 უნდა დაგვავიწყდეს

 

მართალია პანდემიამ დიდი ზარალი მიაყენა მსოფლიოს, მაგრამ ხაზი უნდა გაესვას იმ მესიჯს, რომ კლიმატის ცვლილება უფრო მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხია.

 

მომზადებულია skift-ის მიხედვით

© 2020 Copyright