ტურიზმის საინფორმაციო - ანალიტიკური პორტალი
en

Bocuse d’Or ევროპის გასტრონომიული ჩემპიონატი დასრულდა

Bocuse d’Or ევროპის გასტრონომიული ჩემპიონატი დასრულდა

საქართველომ ისტორიაში პირველად ევროპის გასტრონომიული ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა, რამაც ქართული გასტრონომია ევროპის ყურადღების ცენტრში მოაქცია: „შემიძლია გითხრათ რომ ევროპის წამყვანმა შეფ-მზარეულებმა და გასტრონომიულმა საზოგადოებამ გაიგო ქართული სამზარეულოს შესახებ, ყველა გვილოცავს მონაწილეობას. 16 საუკეთესო ქყვეყანაში მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა. ეს დასაწყისია! სრულიად საქართველოს ვულოცავ ამ პირველი, თუმცა მნიშვნელოვანი, ნაბიჯის გადადგმას და ქართული გასტრონომიის მსოფლიო ასპარესზე წარდგენას!“ - ლევან ქოქიაშვილი, გასტრონომიული ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო გასტრონავტის დამფუძნებელი და Bocuse d’Or საქართველოს ორგანიზატორი.

 

Bocuse d’Or საქართველოს  ფეისბუქ გვერდიდან ვგებულობთ, რომ „წარდგენილი ლანგრის კონცეფციის შთაგონება ქართული არქიტექტურული ფენომენი - მესხური ოდაა“ , რომელიც „გასტრონავტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლალი პაპაშვილის, იდეაა. „მესხური ოდა გახლავთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც განსაკუთრებულ შინაარსს ატარებს - ეს უძველესი, უნიკალური ხის ჭერის კონსტრუქცია რაღაცით ჩიტის ბუდეს გვახსენებს და ქართული სამზარეულოს, ხელგაშლილობისა და სტუმართმოყვარეობის მთავარ სულისკვეთებას გამოხატავს - ერთ ჭერქვეშ, ერთი დედაბოძის გარშემო, გააერთიანოს სხვადასხვა ეროვნების ადამიანები. ეს კონცეფცია კი განავითარა ლანგრის სკულპტორმა, ნიკოლო მელივამ, რომელმაც წინაპართა სულები, მათი ეთერული სხეულების ხელები, მზის სხივებსა და ქართული კულტურის ნათებას დაუკავშირა.

 

ქართული სუფრის ფერადოვნება კი ჩვენ წარმოვადგინეთ გარნირებისა და სოუსების სახით, როგორიცაა, საფერავში მოხარშული ჭარხალი, ხახვის ფხალითა და ტყემლის სოუსით, კომშის ჯემში ჩადებული დამბალხაჭოს მუსი, ამოვლებული ალადასტურის გამჭვირვალე წვენში, წითელი დოლის ფქვილის ხავიწი, ერბოში მოხარშული სიმინდით, მწყერის კვერცხის კრემი კვერცხის ფორმით, ქვევრის საფერავის საწებელი ლავანდით და ახალი მწვანე ტყემლის სოუსით. ასევე, წარვადგინეთ გამომცხვარი მწყერი სვანური მარილით და აჯიკით - საქართველოს სხვადასხვა კუთხეების გემოთა საინტერესო შერწყმა.“

 

ზემოაღნისნული ქართული გასტრონომიის შედევრი შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით ფასდებოდა:

თეფში (Plate):

  • პრეზენტაცია / ვიზუალი - 20 ქულა
  • ორიგინალურობა და კრეატიულობა - 20 ქულა
  • მზადების პროცესი - 20 ქულა
  • სოუსი - 10 ქულა
  • დაგემოვნება- 30 ქულა

 

ლანგარი (Platter):

  • პრეზენტაცია - 20 ქულა
  • გეოგრაფიული თავისებურება - 20 ქულა
  • გარნირი - 20 ქულა
  • სოუსი - 10 ქულა
  • დაგემოვნება - 30 ქულა

 

საბოლოო ჯამში კი საქართველოს ქულები ასე გამოიყურება:

 

  • თეფში (Plate) ჯამში - 433 ქულა
  • ლანგარი (Platter) ჯამში 336 ქულა
  • საჯარიმო ქულა მინუს 42 ქულა (კერძების დაგვიანებით გატანის გამო)

აღსანიშნავია, რომ სოციალურ მედია პალტფორმებზე ქართველი გულშემატკივარის აქტიურობისთვის ჩვენს გუნდს დაეწერა დამატებით 10 ქულა, სამზარეულოს სისუფთავისთვის კი 392 ქულა. ჯამში საქართველომ დააგროვა 1119 ქულა, რამაც მე-16 ადგილი მოგვიტა ევროპაში.

 

Bocuse d’Or-ის ევროპის გასტრონომიული ჩემპიონატი სკანდინავიური ტრიუმფით დასრულდა: გამარჯვებული გახდა ნორვეგია, ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორებად კი დანია და შვედეთი ვიხილეთ.

 

წინ საქართველოს  მომავალი ევროპის გასტრონომიული ჩემპიონატი ელოდება, სადაც დღეს მიღებული გამოცდილება აუცილებლად გამოგვადგება და დაგვეხმარება შედეგების გაუმჯობესებაში. 

 

შეგახსენებთ, რომ Bocuse d’Or საქართველოს ორგანიზატორი გახლავთ გასტრონომიული ბიზნეს საკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი“, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციასა და საქართველოს კულინარიულ ფედერაციასთან ერთად. პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

 

© 2020 Copyright