გასული წლის დეკემბერში საქართველოში, ევროპელ პარტნიორებთან ერთად ევრო-კომისიის თანადაფინანსებით, დაიწყო პროექტი სახელად "ტურიზმის 4.0 შავი ზღვისთვის".პროექტი 2021 წლის ნოემბრამდე გრძელდება და მიზნად ისახავს დიდი მონაცემების დამუშავების მექანიზმების დანერგვას უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების და პროგრამების გამოყენებით ტურიზმის სექტორში. აღნიშნულ მექანიზმებს შეუძლია უმნიშვნელოვანესი ინფორმაციის გენერირება, რომელიც დაეხმარება სახელმწიფო ორგანოებს, ბიზნესებსა და მკვლევარებს ტურიზმთან დაკავშირებით უფრო მდგრადი და ყველა დაინტერესებული მხარისათვის მეტი სარგებლის მომტანი სტრატეგიების შემუშავება-გაუმჯობესებაში. აღნიშნული მექანიზმები ეფუძნება დიდი მონაცემების ანალიტიკას, ხელოვნურ ინტელექტს და ბლოკჩეინის ტექნოლოგიას.
პროექტის წამყვანი კომპანიაა „არკტური“ სლოვენიიდან, რომელსაც ევროპის მასშტაბით ყველაზე მსხვილი სუპერ კომპიუტერების ბაზა გააჩნია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში "არკტური" აქტიურად თანამშრომლობს სლოვენიაში ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან და კონსულტაციას უწევს მათ ტურიზმის სტარტეგიების და შეთავაზებების გაუმჯობესების საკითხში. ევროპულ კონსორციუმთან ერთად, საქართველოში პროექტს უძღვება "ტურიზმის ინსტიტუტი". პროექტის ფარგლებში ყურადღება გამახვილებულია ტურიზმი 4.0-ის ორ კომპონენტზე:
1. ტურისტული ნაკადების ანალიზი (Tourism Flows)
ამ კომპონენტში აჭარის რეგიონში ტურისტული ნაკადების შესახებ ინფორმაციის გაანალიზება მოხდება სხვადასხვა წყაროსგან (მობილური ოპერატორების მონაცემები, საზღვრის კვეთა, მატარებლით გადაადგილებულთა რაოდენობა, ავტომობილთა ნაკადები და სხვა) შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით. შედეგად შეიქმნება სურათი, რომელზეც გამოჩნდება თუ როდის, სად და როგორ სტუმრობენ ტურისტები აჭარის რეგიონს. ასევე მოხდება ტურისტული ე.წ. ცხელი წერტილების ინდეტიფიკაცია და ნაკადების სხვადასხვა ლოკაციაზე გადანაწილების პოტენციალის შესწავლა.
2. ტურიზმის გავლენის მოდელი (Tourism Impact Model)
ამ კომპონენტის ფარგლებში პროექტი გუნდი შეაგროვებს სოციალურ და ეკონომიკურ მონაცემებს და გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებს ბათუმის (როგორც მსხვილი დესტინაციის) და ქობულეთის (როგორც მომცრო დესტინაციის) მასშტაბით. შემდგომ, შეგროვებული ინფორმაციის გაანალიზება მოხდება „არკტურის“ ტურიზმის გავლენის მოდელის მიხედვით, რომლის საშუალებითაც ნათლად წარმოჩინდება თუ როგორ ხდება რესურსების მოხმარება ვიზიტორების მიერ მთელი წლის განმავლობაში და რა ცვლილებები შეიძლება განხორციელდეს მდგრადობის გაუმჯობესების მიზნით, რაც საბოლოო ჯამში სარგებლის მომტანი იქნება, როგორც დესტინაციის მოსახლეობისათვის, ასევე თავად ვიზიტორებისთვის.
პროექტის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი ყურადღება ეთმობა მონაცემების მომწოდებლებთან, პოლიტიკის გამტარებლებთან, მკვლევარებთან, ბიზნეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას. სწორედ ამიტომ 29 მაისს, 16:00, ჩატარდება ვებინარი, რომელსაც დაესწრება აჭარის რეგიონალური მთავრობა, მსხვილი და საშუალო ტურისტული ბიზნესები, აკადემიური სფერო, პოლიტიკური პარტიები და მედია. ვებინარი ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის. თუ გსურთ მიიღოთ მასში მონაწილეობა , მიჰყევით სოციალური მედიის აღნიშნულ ლინკს, სადაც სულ მალე განთავსდება ვებინარზე დასწრების ბმული სარეგისტრაციო ბმული.