თანამედროვე სამყაროში იდეები უსაზღვროა. ჩვენს დროში ბევრ იდეას განსხვავებულობისა და ინოვაციურობის მახასიათებელით გამოარჩევ. ერთ-ერთი მათგანი, ახლახანს, ტურიზმის შესაძლებლობების განვითარების მეტად პრიორიტეტულ და ღირებულ პროექტად გადაიქცა
"გემრიელი აჭარა" გახლავთ აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტმაენტის პროექტი, რომელსაც ახორციელებს „გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაცია“ „ქართული კულინარიის განვითარებისა და პოპულარიზაციის ასოციაციასთან“ ერთად. იგი მიზნად ისახავს აჭარული კერძების მიმართ ცნობადობის გაზრდას და გასტრონომიული ტურიზმის განვითარებას რეგიონში.
"ჩვენ გაგვაჩნია რამოდენიმე ამოცანა: პირველი, ეს არი აჭარული სამზარეულოს ცნობადობის გაზრდა. აჭარის რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძები თითქმის არცერთ ქართულ რესტორანში არ მოიძიება და ქართული სარესეტორნო ბიზნესი მას ნაკლებად იცნობს, ამიტომ ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულების დახმარებით ჩვენ ვიკვლევთ ავთენტურ აჭარულ კერძებს, ვაძლევთ მათ თანამედროვე ფორმას (რაც არ გულისხმობს ავთენტური გემოს დაკარგვას) და ვთავაზობთ ფართო საზოგადოებას. ვფიქრობთ, რომ ეს გამოიწვევს, განსაკუთრებით ადგილობრივი, ბათუმური სარესტორნო ბიზნესის დაინტერესბას.
მეორე ამოცანა ეხება ადგილობრივ გლეხს თუ სოფლად მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს, რომელთაც გვსურს დავანახოთ, რომ მათ მიერ წარმოებული პროდუქტი შეიძლება ძალიან საინტერესო გახდეს ქალაქში არსებული ბიზნესებისთვის. ამით გაიზრდება მათი მოტივაცია და შესრულებული სამუშაოს ხარისხი, რაც, მეორეს მხვრივ, დამატებით სტიმულს მისცემს სოფლად ტურიზმის განვითარებასაც.
მესამე და უმნიშვნელოვანესი არის როგორც შიდა, ასევე უცხოელი ტურისტების დაინტერესება აჭარის გასტრონომიული პოტენციალით“ - აღნიშნავს აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე.
აღნიშნული პროექტი მოიცავს ვიდეოგაკვეთილების, სამზარეულოს საპრომოციო ვიდეორგოლის და ცნობილი შეფმზარეულების ჩართულობით ფოტორეცეპტების მომზადებას. საიმიჯო რგოლების გადაღებები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობდა. შეფმზარეულები ქობულეთურ, ლაზურ და მთიანი აჭარის სამზარეულოს ნაკლებადცნობილ კერძებს და დესერტებს ადგილობრივ მზარეულებთან ერთად ამზადებდნენ. ამავდროულად განიხილებოდა ტრადიციული კერძების სერვირების, შეფუთვისა და მომხმარებელთან მიტანის საკითხები.
,,პროექტის თითოეული მიმართულება დაეხმარება აჭარის რეგიონალურ გასტრონომიულ ინდუსტრიას გაძლიერებაში. ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი და ჩართულობა ძალიან დიდია, მათი დახმარებით მოვახერხეთ პროექტის განხორციელება, ისინი არიან მზად ახალი გამოწვევბისთვის და აქვთ სურვილი აიმაღლონ ცოდნა ამ მიმართულებით, აჭარა კი ნამდვილად არის ის რეგიონი,რომელსაც გასტრონომიული ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
ლაზური, ქობულეთური და მთიანი აჭარის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძებისა და დესერტების გადაღებები აჭარის მუნიციპალიტეტებში ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა, პანდემიის არაპროგნოზირებადი ხასიათიდან გამომდინარე, რთულია გათვლების გაკეთება, შესაბამისად, ყოველდღიურად ყველა რეგულაციის დაცვით გვიწევდა მუშაობა. ეს არ იყო მარტივი პროცესი, მაგრამ პროფესიონალი გუნდის, ადგილობრივი მოსახლეობის, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის და შეფების დახმარებით მოვახერხეთ სირთულეებთან გამკლავება, მადლობა მათ ამისთვის“ - განაცხადა გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ თამარ სიხარულიძემ.
პროექტის საბოლოო პროდუქტი სულ მალე იხილავს დღის სინათლეს და განთავსდება აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის ონლაინ პლატფორმებზე.
ავტორი: ლიზა ანთაძე
გასტრონომია გასტრონომიული ტურიზმი რეგიონალური სამზარეულო